ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეშინიათ თავისუფალი სიტყვის - მამუკა ხაზარაძე
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ ქვეყანაში, ამ პარლამენტში, ეშინიათ თავისუფალი სიტყვის, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, პარლამენტში სხდომის დახურვის შემდეგ ბრიფინგზე თქვა. ხაზარაძის თქმით, მმართველ პარტიას მწვავე შეკითხვების შეეშინდა.
თქვენ ნახეთ, რომ სხდომა დახურულად გამოაცხადა "ქართულმა ოცნებამ". ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ "ოცნება" და მათი მინისტრი გომელაური გაექცნენ კითხვებს. ჩვენი ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ძალიან მოთმინებით ელოდა სესიას და იმ მომენტს, როდესაც დავსვამდით ძალიან მწვავე კითხვებს. კიდევ ერთხელ მინდა, დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა თავისუფალი მედიის მიმართ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქვეყანა არ იმართება დემოკრატიული სტანდარტებით და ძალიან შორს ვართ ამ სტანდარტებისგან, იმიტომ რომ ბანერი, რომელიც დღეს ჟურნალისტებმა გადმოფინეს პარლამენტში, გახდა სხდომის გაჩერების მიზეზი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ ქვეყანაში, ამ პარლამენტში, ეშინიათ თავისუფალი სიტყვის, ეშინიათ პოლიტიკური განცხადებების და ეშინიათ მწვავე კითხვების მოსმენის. ფაქტი სახეზეა, "ქართულმა ოცნებამ" დღეს პრაქტიკულად კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი თავი. მათ არ შეუძლიათ ქვეყნის მართვა, კითხვებზე პასუხის გაცემა და სხდომა დახურეს,"- თქვა მამუკა ხაზარაძემ.