"ქართული ქარტია“ - როგორ უნდა მოხდეს სასამართლოს გათავისუფლება და ნდობის აღდგენა?
„ქართული ქარტია“ - ასე ჰქვია იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლიდან შეკრებილებს გააცნო.
პრეზიდენტს მოუსმინეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ.
ზურაბიშვილი დეტალურად განმარტავს, რას ნიშნავს „ქართული ქარტია“ და რა პასუხისმგებლობას ანიჭებს ის პოლიტიკურ პარტიებს.
ქარტიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საკითხია "მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა"
სასამართლოს გათავისუფლება
- გავათავისუფლებთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით;
- შემოწმება შეეხება, ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია;
- შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს;
- შემოწმება შეეხება ასევე, ყველა ახალ მოსამართლეს. სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას;
- სრულფასოვნად ამოქმედდება სასამართლოში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს საქმეთა განაწილების პროცესში პოლიტიკური გავლენები;
- მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;
- გავაძლიერებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატს და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზეც.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ძირეული რეფორმა შეეხება:
ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება, კერძოდ:
- დისციპლინური სამართალწარმოების უფლება, რაც მოსამართლეთა დევნის ბერკეტია;
- ადმინისტრაციული ორგანოების თავმჯდომარეების არჩევის უფლება;
- იუსტიციის სკოლა საბჭოსგან დამოუკიდებელი იქნება;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი შეიცვლება: საბჭო შეამოწმებს კანდიდატებს მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით, სრულ სიას წარუდგენს პარლამენტს, რომელიც აირჩევს მათ.
საბჭოს წევრებს აეკრძალებათ:
- სსხვა ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება;
- ორჯერ არჩევის შესაძლებლობა.
საბჭოში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებათ არამოსამართლე წევრებს.
რას ითვალისწინებს პრეზიდენტის "ქართული ქარტია" - ვრცლად ნახეთ აქ