"ეშმაკის ნაკარნახევი" - კარასინი საქართველოს გაერთიანების იდეაზე
"ეშმაკის ნაკარნახევი" - ასე აფასებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი საქართველოს გაერთიანების იდეას. საქმე ეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ "აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად - ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი".
"მსჯელობას იმაზე, როგორ იცხოვრებს საქართველო 2030 წელს, ვერავინ აუკრძალავთ. მათ სურთ ცხოვრება ერთ სახელმწიფოში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თუ, იქნებ, რომელიმე სხვა სახელმწიფოებთან ერთად - ეს არის მსჯელობა. ახლა საქართველოს პრემიერმინისტრისთვის მთავარია მიაღწიოს, რომ ადამიანები, რომლებსაც უცხოური სახელმწიფოები ინახავენ და დაკავებული არიან პოლიტიკური და საინფორმაციო საქმიანობით, კანონით იყვნენ აღნიშნული. ჩვენ აქედან უნდა გამოვდიოდეთ. დანარჩენი – ეს ეშმაკის ნაკარნახებია." – თქვა კარასინმა.
კარასინი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილს ზურგს დასავლეთი უმაგრებს, რომელსაც საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურს.
ამ საკმაოდ რთულ ვითარებაში გამოვყოფდი, რომ ის (რედ. - ირაკლი კობახიძე) ორთაბრძოლაშია სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც ცხადად, გასაგები მიზეზების გამო, იკავებს დასავლელი უმცირესობის პოზიციას, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, ევროკავშირისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების, რათა დაძლიონ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, – დაამატა კარასინმა.