რას ფიქრობენ პრეზიდენტის ინიციატივაზე ხელმომწერი პარტიები? - რა არგუმენტები და კონტრარგუმენტები აქვთ მათ
პრეზიდენტის ინიცირებული "ქართული ქარტია" - ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს ამ დოკუმენტს და ხელმოწერასაც გეგმავენ, "პირველებთან" ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტი შინაარსობრივად მათთვის მისაღებია.
ის ინსტიტუტები, რომლის რეფორმაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ ფუნდამენტურ ცვლილებებს მართლაც საჭიროებს - იქნება ეს სუს-ი, შსს, პროკურატურა თუ ანტიკორუფციული სააგენტო.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს შემდეგ მისი პარტია ოფიციალურად დააფიქსირებს პოზიციას. თუმცა აქვე აცხადებს, რომ არის პუნქტები, რაზეც "ლელოს" განსხვავებული შეხედულებები აქვს და ამაზე მოგვიანებით გააკეთებენ განმარტებას.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა იყო შინაარსობრივად სწორი, რომელმაც გაავლო მიჯნა რუსულ რეჟიმსა და საქართველოს ევროინტეგრაციას შორის, მიჯნა, რომელმაც ცხადი გახადა, რომ შეუძლებელია რუსული რეჟიმის „ქართული ოცნების“ პირობებში შესაძლებელი გახდეს საქართველოს ევროინტეგრაცია.
ცხადია, რომ ძალიან გონივრულ პუნქტებს შეიცავს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა. რაღაცების მიმართ გაგვაჩნია რიგი კრიტიკა, თუმცა ვემზადებით პოლიტსაბჭოს სხდომისთვის, სადაც ოფიციალურად გავაფორმებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ლელო გაახმოვანებს რამდენიმე საათში,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
პარტია "ახალის" თანათავმდჯომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ქვეყნის საგარეო კურსზე ერთობა არის უმნიშვნელოვანესი. რაც შეეხება საერთო სიას და ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას, ამაზე საუბრისას "ახალი" ერთ-ერთი ლიდერი ვარაუდობს, რომ რამდენიმე პოლიტიკური პლატფორმა შეიქმნება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ოპოზოციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმები არ დაიკარგოს. ნიკა მელია ერთიანი სიის შექმნას გამორიცხავს.
ბუნებრივია, ასეთ დოკუმენტზე იქნება პარტია ახალის ხელმოწერა. სასიხარულოა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, მანაც მკაფიოდ თქვა ერთობის უპირატესობას - ერთობას ის ხედავს საკითხების გარშემო და არა საერთო სიის გარშემო, საერთო სია ჩვენი აზრითაც ვერ იქნებოდა უებარი გამოსავალი ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. ჩვენი აზრით, შეიქმნება რამდენიმე ოპოზიცური პოლიტიკური პლატფორმა, ჩვენთვის ამოცანა არის, ნომერი პირველი, არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა, რაზეც ვფიქრობ, ყველა ოპოზიციური პარტია ერთმანეთთან შეთანხმდება და გარკვეული გამსხვილებები ოპოზიციურ ცენტრებში იქნება, თუმცა ეს გამორიცხავს ერთიან სიას,“ - ამბობს ნიკა მელია.
პრეზიდენტის იდეას მისაღებია "ნაციონალური მოძრაობისთვის". პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ერთიანი სიის შექმნას პრეზიდენტის ინიციატივა არ ზღუდავს, თუმცა ეს ოპოზიციური პარტიების გადასაწყვეტია.
მთლიანობაში მივესალმებით ამ ინიციატივას და ამ იდეას, იმიტომ, რომ პროდასავლური ოპოზიცია მართლაც ერთიანი ფრონტით უნდა გამოდიოდეს, ჩვენ ამის გვჯერა. რაც შეეხება ერთიან სიას და მართლაც ერთ გუნდად მთელი ამ კოალიციის შეკვრას, ამ კუთხით ღიად დატოვა პრეზიდენტმა მოლაპარაკებისთვის.
რაც შეეხება რეფორმების ნაწილს, ყველაფერი მართლაც აუცილებელია, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება,“ - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.