როგორ აისახება ქვეყანაზე მთავრობის დასანქცირება? - ოპოზიცია ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ აშშ-ს მიერ საქართველოს მთავრობის დასანქცირების შემთხვევაში ქვეყანა იზოლაციაში მოექცევა, რაც მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ეკონომიკის გავითარებას ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოსვლა სჭირდება, რაც "ოცნების" დასანქცირების შემთხვევაში შეუძლებელი გახდება.
ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ექცევა იზოლაციაში დასავლეთთან, ცივილიზებულ სამყაროსთან და ცხადია, აისახება პოტენციურ ინვესტორებზე. ჩვენი ეკონომიკის განვითარებას სჭირდება რაც შეიძლება ბევრი ფულის შემოსვლა უცხოეთიდან. ჩვენ საკუთარი ფული არ გვაქვს, ჯერ კიდევ ღარიბი ქვეყანა ვართ და ეს ფული რომ შემოვიდეს, ეს ფული იდება ის, სადაც არის მეტი სანდოობა, სადაც დასავლეთია, სადაც სასამართლო არსებობს, სადაც ნდობა არსებობს და ა.შ. ეს სანქცვიები ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის ნდობა ამ ხელისუფლების პირობებში, სამწუხაროდ, არის შეუძლებელი, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც ფიქრობს, რომ მთავრობის დასანქცირების შემდეგ ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და საქართველოს ეკონომიკური დარტყმები ელოდება.
ინვესტიციების შემოსვლა არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ, სამწუხაროდ, დიდი ეკონომიკური დარტყმები გველოდება, რომელიც კიდევ უფრო გააღარიბებს ხალხს, - ამბობს გიორგი ვაშაძე.