"გაიწვიეთ კანონი" - რა წერია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში რუსულ კანონზე

27.05.24 15:13
"გაიწვიეთ კანონი" - რა წერია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში რუსულ კანონზე

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ივანიშვილის გუნდს მოუწოდებს გაიწვიოს რუსული კანონი, რადგან ის ეწინააღმდეგება NATO-სა და ევროკავშირის ღირებულებებს.

ვაშინგტონის სამიტამდე მიღებულ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის შემუშავებულ რეზოლუციაში საქართველოზე ცალკე ჩანაწერია გაკეთებული, სადაც წერია, რომ რუსული კანონი ქართულ დემოკრატიას აზიანებს.

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" დეპუტატებიც, მაგრამ გივი მიქანაძემ, ხატია წილოსანმა და გიორგი ჩაკვეტაძემ ბულგარეთის დედაქალაქი დატოვა მაშინვე, როგორც კი გაიგო, რომ NATO რეზოლუციის ტექსტში საქართველოს შესახებ ჩანაწერს აკეთებდა.

ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც ესწრებოდნენ ასამბლეის სხდომას, ამბობენ, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს პარტნიორების მოწოდებები და რუსული კანონი უნდა გაუქმდეს, ამის შესაძლებლობა კი ხვალინდელ კენჭისყრაზეა.

ნატოს კარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა ასევე გამოხატა ღრმა შეშფოთება ე.წ. აგენტების კანონის გამო, რომელიც არის უკანგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ღიად მოუწოდა ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს აღნიშნული კანონი. ხვალინდელი ვეტო არის ერთადერთი და ბოლო შესაძლებლობა იმისთვის, რომ შეისმინოს ივანიშვილის ხელისუფლებამ გზავნილები მთელი მსოფლიოსგან და მათ შორის დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სრული შემადგენლობისგან, რომელმაც კონსენსუსით მიიღო აღნიშნული დეკლარაცია, რომ ეს კანონი უნდა გაუქმდეს იმისთვის, რომ საფრთხე არ დაემუქროს საქართველოს დემოკრატიას და ევროატლანტიკურ არჩევანს,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

დეკლარაცია, რომელიც მიიღო ახლა ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ვაშინგტონის სამიტთან დაკავშირებით, ცალკე ჩანაწერია საქართველოზე, სადაც მკაცრად არის დაგმობილი ე.წ. კანონი გამჭვირვალობის შესახებ, სადაც ღიად წერია, რომ ეს კანონი უპირისპირდება ქართულ დემოკრატიას ნატო-სა და ევროკავშირში სწრაფვას მათ შორის და ეს კიდევ ერთხელ არის მხარდაჭერის დადასტურება ნატოს მხრიდან საქართველოს ხალხის და ინტერესის, როგორც ნატო-სა და ევროკაშირში გაწევრიანების, დემოკრატიის კუთხით და ეს არის ბოლო შესაძლებლობა ქართული ოცნებისთვის, რომელიც ვხედავთ, რომ არ აპირებს უკან დახევას,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.

გიორგი ჩაკვეტაძე ამტკიცებს, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის რუსულ კანონზე:

მნიშვნელოვანი ის საკითხები, რომლებიც წარმოდგენილი არის ასამბლეის ხუთივე კომიტეტის ანგარიშში, რომელიც აღიარებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და საქართველოს ურყევ მხარდაჭერას ხაზს უსვამს და ასევე, ჩვენს პარტნიორებს აინტერესებდათ ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და გამჭვირვალობის კანონს. დღეს დილით ჩვენ შევხვდით ასამბლეის პრეზიდენტს და ბიუროს წევრებს, რომლებსაც გავუზიარეთ ინფორმაცია, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება და ასევე ჩვენი პოზიცია, რომელიც შეეხება გამჭვირვალობის კანონს. მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომლების ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობის მხრიდან ამ შეხვედრაზე გაჟღერდა, ასევე, გამოითქვა სხვადასხვა პოზიცია და აზრი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გავაგრძელებთ იმას, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა იყოს გამტკიცებული,“ - ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე. 

მსგავსი სიახლეები