კობახიძის მიერ დაანონსებული რეპრესიები და ძალადობა სტუდენტებზე - თსუ-ს პროფესორი რექტორ სამუშიას მიმართავს
თსუ პროფესორი სოფიო შამანიდი რექტორს ჯაბა სამუშიას მიმართავს და პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურაზე მიტანილ იერიშზე პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს.
წერილს შამანიდი სოციალურ ქსელში ავრცელებს. შამანიდის თქმით, საჭიროა რექტორმა კობახიძის განცხადებაზე პოზიცია დააფიქსიროს.
გარდა რეპრესიების დაანონსებისა, შამანის სურს, რომ რექტორმა თსუ-სთან სტუდენტებზე ძალადობაზე დააფიქსიროს პოზიცია - "ხომ არ ფიქრობთ, რომ უმჯობესი იქნებოდა კობახიძის ლექციები გადავიდეს ჰიბრიდულ რეჟიმში" - მიმართავს შამანიდი რექტორს.
დღეს თსუ კანცელარიაში რექტორის სახელზე წერილი შევიტანე, სადაც რექტორს ვთხოვ, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია იმ თავდასხმაზე, რომელიც თსუ პროფესორების მიმართ გაისმა რამდენიმე დღის წინ. იმედია, რექტორი მიპასუხებს. მე დაველოდები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
27.05.2024, თბილისი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორს, პროფესორ ჯაბა სამუშიას
ბატონო რექტორო,
ამა წლის 22 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თსუ პროფესორმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შემდეგი განაცხადა: „მაგალითად რომ ავიღოთ წამყვანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მეც ვასწავლი, როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, საერთო სურათი გვაქვს უმძიმესი. ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ პროფესორების დიდი ნაწილი მთლიანად პოლიტიკური ნიშნით არის შერჩეული. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება, გასაგებია ვის მხარეს და არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია - შეიძლება, პოლიტიკური მიკერძოება ნებისმიერ პროფესორს ჰქონდეს, მაგრამ როცა არც კვალიფიკაცია გაქვს, თან პოლიტიკურად მიკერძოებული ხარ, აქ ჩანს, სინამდვილეში როგორ ფორმირდებოდა პროფესურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ეხება პროფესურის ძალიან დიდ ნაწილს“ (ციტატა).
აპირებთ თუ არა თქვენ, როგორც იმ უნივერსიტეტის რექტორი, რომლის პროფესორთა პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ დააყენა კობახიძემ: ა) მოიწვიოთ აკადემიური საბჭო და განიხილოთ ეს მავნებლური განცხადება; ბ) დაიცვათ უნივერსიტეტის და პროფესორების პრესტიჟი, რომლის შელახვის მცდელობაც ჰქონდა პრემიერ-მინისტრს. ასევე, მაინტერესებს, ამოიკითხეთ თუ არა მის განცხადებაში, სადაც ის არჩევნების შემდეგ განათლების სისტემაში „რეფორმის ჩატარების“ აუცილებლობაზე საუბრობს, პროფესურის მიმართ რეპრესიების გამოცხადება? აქვე შეგახსენებთ, რომ თსუ ყველა პროფესორი კონკურსის შედეგად ვიკავებთ ჩვენს თანამდებობებს, ეს კონკურსები კი „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებშია ჩატარებული.
მეორე საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო, ბატონი კობახიძის სალექციო საათის დროს განვითარებული მოვლენებია. ვინაიდან თსუ დაცვის თანამშრომლები ვერ, შსს კრიმინალური პოლიცია კი არ იცავს სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებას, ხოლო „ქართული ოცნების“ მიერ მოგზავნილი აგრესიული ჯგუფები ფიზიკურად უსწორდებიან ჩვენს სტუდენტებს, ხომ არ ფიქრობთ, რომ უმჯობესი იქნებოდა კობახიძის ლექციები გადავიდეს ჰიბრიდულ რეჟიმში.
გთხვოთ, გონივრულ ვადაში გამცეთ პასუხი," - წერს შამანიდი.
23 მაისს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში თსუ-ში რეპრესიები დაანონსა: