კანდიდატის სტატუსი და უვიზო მიმოსვლა საფრთხის ქვეშ - ბოლო გაფრთხილება "ოცნებას" ბრიუსელიდან
კანდიდატის სტატუსი და უვიზო მიმოსვლა რეალური საფრთხის ქვეშ - რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში ქვეყანა შესაძლოა უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი გარეშე დარჩეს. შეერთებული შტატების შემდეგ, საპასუხო ზომებზე მსჯელობა ბრიუსელში დაიწყო. ვეტოს დაძლევამდე ერთი დღით ადრე, "ქართული ოცნება" ბოლო გაფრთხილებას იღებს. იქნება კანონი - არ იქნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან. უფრო მეტიც , ქვეყანა იმ პრივილეგიებსაც დაკარგავს, რაც დღეს აქვს.
შემზღუდავი ზომები იქნება მკაცრი - ამას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ადასტურებენ, რომლებიც დღეს საქართველოს საკითხს საგანგებო რეჟიმში განიხილავდნენ. აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი დღეს მინისტრებთან ათანხმებდა რა სახის სანქციები შესაძლოა გამოიყენონ ქართული ოცნების საპასუხოდ. ბრუსელის საბოლოო ვერდიქტი ივნისში გამოცხადდება.