"ოცნება" ვერ შეძლებს, ქვეყანას მომავალი გამოსტაცოს ხელიდან, ეს მობილიზაცია არჩევნებამდე უნდა მივიტანოთ - ბადრი ჯაფარიძე
"ქართული ოცნება" უფსკრულისკენ მიექანება" - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ "საჯარო პოლიტიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იმ მძიმე სცენარზე საუბრობს, რომელიც რუსული კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისა და საშიში კანონის მიღების შემთხვევაში ქვეყანას ელოდება.
ჯაფარიძე ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი უფსკრულში ქვეყანასაც მიაქანებს.
"ლელოს" ლიდერი ფიქრობს, რომ მმართველი პარტია პრეზიდენტის ვეტოს ხვალ გადალახავს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამ ბრძოლაში "ქართველი ხალხი მარტო არ არის".
"არ უნდა გაგვიჩნდეს განცდა, რომ ისინი არჩევნების მითვისებას შეძლებენ"- ამბობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.
"თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩვენს გვერდით მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები არიან. "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს საზოგადოებას ქვეყნის მომავალი გამოსტაცოს ხელიდან. ეს არ მოხდება, ამაში დარწმუნებული ვარ, მიზნის მისაღწევად კი გვამართებს ისეთივე აქტიურობა, მობილიზაცია, ისეთივე შემართება, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებოდით. ეს ენერგია, ეს მობილიზაცია 26 ნოემბრამდე უნდა მივიტანოთ. ამ შემთხვევაში "ქართულ ოცნებას არავითარი შანსი არ აქვს, ხელისუფლება შეინარჩუნოს" - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
"ლელოს" ლიდერმა მოსალოდნელ სანქცირებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ "როცა ხელისუფლების მაღალჩინოსნები დასანქცირდებიან, ეს ქვეყანაზეც აისახება", თუმცა იქვე დასძინა, რომ მომდევნო 5 თვეს, რომელიც "მძიმე იქნება იმ მოლოდინით უნდა გავუძლონ, რომ შესძლებელი გახდება ეს ხელისუფლება უმრავლესობიდან გაიწვიონ".
ამის პარალელურად, ბადრი ჯაფარიძე პროტესტის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს:
ქართველი ხალხის ნება ვერ გადატყდება, არ არსებობს ძალა, რომელიც შეძლებს, რომ ამ ახალგაზრდებს წაართვას ლტოლვა, რომელიც მათ გააჩნით თავისუფლებისკენ.
ძალან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება, თუმცა ჩვენ უნდა ჩავატაროთ აქტიური წინასააღჩევნო კამპანია"- აღნიშნავს "ლელოს" ლიდერი.