ვერშბოუ: ზურაბიშვილი ბრძენი სახელმწიფო მოღვაწეა, იმედი მაქვს მის ვეტოს გაითვალისწინებენ

27.05.24 23:20
ვერშბოუ: ზურაბიშვილი ბრძენი სახელმწიფო მოღვაწეა, იმედი მაქვს მის ვეტოს გაითვალისწინებენ

NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ იმედს გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნება" რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს გაითვალისწინებს. 

"ამერიკის ხმასთან"  ინტერვიუში ვერშბოუმ საქართველოს პრეზიდენტის როლზეც ისაუბრა და მას "ბრძენი სახელმწიფო მოღვაწე" უწოდა. 

ალექსანდერ ვერშბოუ ნატოს მოახლოებული სამიტის შესახებ საუბრობს,  ის ამბობს, რომ საქართველოს, ამ სამიტისგან, პოზიტიური მოლოდინები არ უნდა ჰქონდეს. 

ვისურვებდი, უფრო პოზიტიური პასუხის გაცემა შემეძლოს, რადგან ისტორიული ჩანაწერით 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, საქართველო იმავე დონეზე იყო, რაზეც უკრაინა. ჩემი გენერალური მდივნის მოადგილეობის პერიოდში, საქართველო NATO-სთან დაახლოებისკენ პროგრესს განაგრძობდა.

ბოლო სამიტზე, რომელსაც მე დავესწარი, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი შეთანხმდა და ამიტომ ჩანდა, რომ საქართველოს NATO-ში საბოლოო გაწევრიანებას ნათელი მომავალი ჰქონდა.

ამიტომ, კიდევ უფრო სამწუხაროა საქართველოში კონსესუსის რღვევა, როცა ბატონ ივანიშვილთან ასოცირებული [მმართველი], უმრავლესობის პარტია და პოლიტიკური ძალები, დასავლეთს ზურგს აქცევს. მათ კონკრეტულად არ უთქვამთ, რომ NATO-ში გაწევრიანებით დაინტერესებული აღარ არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ, შესაძლოა, საქართველოს ამ გზაზე დაბრუნების დარჩენილი შანსები ჩამოართვან. ვფიქრობ, ეს ცუდი იქნება საქართველოს უსაფრთხოებისთვის, უფრო ფართოდ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და ამის გამო ვწუხვარ..."- თქვა ვერშბოუმ. 

ამასთან, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ მიიჩნევს, რომ ე.წ. "უცხოეთის აგენტის" კანონის ინიცირება და მიღება, შეცდომა იყო. 

მე მაინც მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის თუ უცხოეთის აგენტის კანონთან დაკავშირებული მთელი ეს საკითხი, დიდი შეცდომა იყო და იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არის ამის გამოსწორების შესაძლებლობა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა, ის ბრძენი სახელმწიფო მოღვაწეა. იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემენ"- თქვა მან. 

 ვრცლად - "ამერიკის ხმაზე"

მსგავსი სიახლეები