"ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება - პარლამენტში განსაკუთრებული მობილიზებაა
"ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. გადამწყვეტი სხდომა, სადაც ივანიშვილის პარტია რუსული კანონის საბოლოოდ დასამტკიცებლად ემზადება, 12 საათზე იწყება. საკანონმდებლო ორგანოში განსაკუთრებული მობილიზებაა, სპეცრაზმმა, რომელიც პარლამენტის შიდა ეზოში დიდი რაოდენობით იმყოფება, "ოცნების" დეპუატატები პარლამენტში უკვე შეაცილა.
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავს.
სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებში მითითებულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.
მართალია, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე და რუსული კანონის ამოქმედებამდე ერთი ნაბიჯი რჩება, თუმცა შანსი ჯერ კიდევ რჩება. თუ "ოცნება" ბოლო მომენტში გადაიფიქრებს და საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს, რუსული კანონი ავტომატურად გაუქმდება.
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი. ცხადია, რასაც ოლიგარქი იტყვის, მისი დეპუტატებიც ზუსტად ისე მოიქცევიან.