დავით ხაჯიშვილმა პლენარულ სხდომაზე ივანიშვილს „ბიძინა იანუკოვიჩი“ უწოდა - რა უპასუხა პაპუაშვილმა

28.05.24 13:51
დავით ხაჯიშვილმა პლენარულ სხდომაზე ივანიშვილს „ბიძინა იანუკოვიჩი“ უწოდა - რა უპასუხა პაპუაშვილმა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილს „ბიძინა იანუკოვიჩი“ უწოდა.

როგორც ხაჯიშვილმა განაცხადა, „ქართველი იანუკოვიჩის“ მიზანია, რომ ქვეყანა ქართველი გარეშე დარჩეს და ის თავისთვის გადაიფორმოს.

„ამ კანონის შემოღებით თქვენ აღარიბებთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენს თანამოქალაქეებს. უფრო მეტ ჩვენს თანამოქალაქეს მოუწევს ქვეყნის დატოვება, რათა უბრალოდ თავი ირჩინოს. ალბათ ვითომ ბრძენი ადამიანის, ქართველი იანუკოვიჩის მიზანი ესაა, რომ ქვეყანა დარჩეს ქართველი გარეშე და ქვეყანა თავისთვის გადაიფორმოს, მაგრამ ასე არ მოხდება. ეს ახალგაზრდები, ფანტასტიკური ადამიანები გამოვლენ და გეტყვიან, არა „რუსულ კანონს“, არა რუსულ რეჟიმს. აუცილებლად მიიღებთ პასუხს ამ ადამიანების მხრიდან.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ, უარი თქვით „რუსულ კანონზე“. რა ზღაპრებიც არ უნდა მოგიყვეთ ქართველმა იანუკოვიჩმა, „ბიძინა იანუკოვიჩმა“ თქვენ, რა დიადი იდეებიც არ უნდა ჰქონდეს, ამას არასდროს სისრულეში არ მოიყვანს, ვერ მოიყვანს. არც და ვერც აფხაზეთს დაუბრუნებს ბიძინა იანუკოვიჩი საქართველოს. მის პირობებში ეს ასე არ მოხდება, რადგან ის არის კოლაბორანტი და აქედან გამომდინარე, ნუ გაჯერებთ ამ ტყუილებს, ამ ზღაპრებს. როგორც გადააგდო ქართველი ხალხი არაერთხელ „ბიძინა იანუკოვიჩმა“, ისე გადაგაგდებთ თქვენც. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოგმართავთ: არ მიიღოთ „რუსული კანონი“!“,- განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

რაც შეეხება ქართველ იანუკოვიჩს, ის ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი,  - ასე უპასუხა ხაჯიშვილს პარლამენტის თავმჯდომარემ. 

შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა უმაღლესი ქართული ჯილდოთი იანუკოვიჩი, როდესაც პრეზიდენტი იყო.

„საინტერესოდ ახსენეთ იანუკოვოჩი. თქვენმა პარტიამ და თქვენმა ლიდერმა უმაღლესი ქართული ჯილდოთი დააჯილდოვა იანუკოვიჩი, როდესაც ის იყო პრეზიდენტი. რაც შეეხება ქართველ იანუკოვიჩს, ის ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და რუსული კანონის საბოლოოდ დამტკიცებას ოლიგარქის პარტია პარლამენტში ოპოზიციის მწვავე პროტესტის ფონზე ცდილობს.  

მსგავსი სიახლეები