ივანიშვილმა ბოროტების ბანალურობის მორალურ კატასტროფაში ჩაგყარათ - დეკანოიძე უმრავლესობის დეპუტატებს

28.05.24 14:22
ივანიშვილმა ბოროტების ბანალურობის მორალურ კატასტროფაში ჩაგყარათ - დეკანოიძე უმრავლესობის დეპუტატებს

ივანიშვილმა ბოროტების ბანალურობის მორალურ კატასტროფაში ჩაგყარათ,  რომელმაც დაგაკისრათ ყველაზე უფრო შეუძლებელი მისია, ყველაზე უფრო მძიმე მისია, რომ სამშობლოს, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წახვიდეთ  - ასე მიმართა "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  უმრავლესობის დეპუტატებს, რომლებიც დღეს რუსული კანონის დასაკანონდებლად ემზადებიან. 

დეკანოიძის თქმით, როგორც არ უნდა დასრულდეს დღე, ბედნიერია, რადგან ახალი საქართველო დაიბადა, სადაც ახალგაზრდები, მომავალი თაობა ყველას, მათ შორის "ოცნების" დეპუტატებსაც კი გადაარჩენთ.

მაგრამ ყველაზე უფრო შემზარავი და სევდიანი დღეს რა არის - ბოროტების ბანალურობის მორალურ კატასტროფას ვხედავთ ჩვენ დღეს აქ. ამ ბოროტების ბანალურობის მორალურ კატასტროფაში თქვენ ბიძინა ივანიშვილმა ჩაგყარათ, რომელმაც დაგაკისრათ ყველაზე უფრო შეუძლებელი მისია, ყველაზე უფრო მძიმე მისია, რომ სამშობლოს, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წახვიდეთ. ბოროტების ბანალურობა ისიცაა, რომ თვლით, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ღალატის კოლექტიური აქტი, მაგრამ იცოდეთ, რომ ღალატის კოლექტიური აქტის შემდეგ ყველას ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ეკისრება. ეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა იქნება სწორედ ის, რომ სამუდამოდ, თქვენი ქვეყნის ისტორიაში თითოეული თქვენგანი შეხვალთ ძალიან მძიმე დამღით და სტიგმით და იმ სანქციით, რომელიც უკვე დაგადოთ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ.

მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მიუხედავად ამ მართლაც ბოროტების ბანალურობის ყველაზე უფრო ამორალური, კატასტროფული აქტისა, მინდა, მივმართო ჩვენს მოქალაქეებს და ვთქვა, რომ დღევანდელი დღე როგორც არ უნდა დასრულდეს, ბედნიერი ვარ, რადგან დაიბადა ახალი საქართველო, სადაც ახალგაზრდები, მომავალი თაობა თქვენც გადაგარჩენთ, მიუხედავად ამ ძალიან მძიმედ გამოცხადებული ღალატის ქრონიკისა. მომავალმა თაობამ გაიღვიძა და თქვა: არ ვაპირებთ ამ ბოროტების ბანალურობის კატასტროფულ აქტში მონაწილეობა მივიღოთ და ამას ხელი შევუწყოთ. გაიღვიძეს ადამიანებმა, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები არის ჩვენი ეროვნული მისია, დაკისრებული ისტორიული მისია, რომლის გამოცლასაც ახლა ბიძინა ივანიშვილი აპირებს. ეს ეროვნული მისია აუცილებლად შესრულდება ძალიან მალე", - განაცხადა დეკანოიძემ. 

მსგავსი სიახლეები