პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია - რუსული კანონი დამტკიცებულია
84 მომხრე 4 წინააღმდეგი - რუსული კანონი დამტკიცებულია. პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ რუსულ კანონზე დადებული ვეტო დაძლია.
დარბაზში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმყოფებოდნენ. სხდომას 84 დეპუტატი ესწრებოდა.
საპარლამენტო უმრავლესობამ ერთხმად დაუჭირა მხარი რუსულ კანონს, რომელსაც მოსახლეობა უწყვეტად თითქმის ორი თვეა, აპროტესტებს.
„ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა საერთაშორისო ორგანიზაციების თუ სახელმწიფოების მოწოდებები, რომ არ დაემტკიცებინათ რუსული კანონი, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას და ნატოსთან დაახლოებას.
კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.