"ვთხოვთ პრეზიდენტს, მოვიდეს ჩვენთან და ჩაუდგეს ამ ერთიანობას სათავეში" - ქალი პოლიტიკოსების განცხადება აქციაზე
ქალმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს და დადეს პირობა, რომ იდგებიან ხალხის გვერდით საქართველოს სადარაჯოზე. თამარ კორძაიამ პირდაპირ თქვა, რომ "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც დღეს რუსული კანონი ოფიციალურად მიიღეს, ისტორიაში სერგო ორჯონიკეძების სახელითა და გვარებით შევლენ, თავისუფალი სამყარო კი მათ ამისთვის მკაცრ პასუხს გასცემს.
ამასთან, პოლიტიკოსებმა ქვეყნის მთავარსარდალს მოუწოდეს, მივიდეს მათთან და ჩაუდგეს დიდ ერთიანობას სათავეში.
თითოეული მათგანის, ვინც წარმართა, ხმა მისცა და ხელი შეუწყო საქართველოს რუსიფიკაციას, მათი ერთიანი სახელი და გვარი არის სერგო ორჯონიკიძე. ჩვენ აქ მდგომი პოლიტიკოსები ვართ ამაყი და გამარჯვებულები, რადგან ჩვენ ვივლით საკუთარი სახელიტა გვარით. ვივლით თქვენთან ხელი ხელჩაკიდებული სამშობლოს სადარაჯოზე. აუცილებლად თითოეული ორჯონიკიძე იგრძნობს პირადად თავისუფალი სამყაროს მკაცრ ხელს.
არჩევნებამდე დარჩა 151 დღე და წამზომი ჩართულია. თითოეული დღე იქნება მძიმე ბრძოლის. მოღალატე და ყველაფრის მკადრებელი ხელისუფლების დასამარცხებლად თითოეული ჩვენთაგანი ვიქნებით ჩვენი ხმის და ჩვენი სამშობლოს დაცვის ჯარისკაცები. დავდოთ პირობა, რომ 2024 წლის არჩევნებში დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას.ვუერთდებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ქართული ქარტიის სულისკვეთებას.საქართველოს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ, მოვიდეს ჩვენთან ერთად, მოვიდეს და დადგეს ამ ერთიანობის სათავეში, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
84 მომხრე 4 წინააღმდეგი - რუსული კანონი დამტკიცებულია. პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ რუსულ კანონზე დადებული ვეტო დაძლია.
დარბაზში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმყოფებოდნენ. სხდომას 84 დეპუტატი ესწრებოდა.