კობახიძე მადლობას უხდის "ოცნების" დეპუტატებს, რომლებმაც რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირეს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ქართული ოცნების დეპუტატებს, რომლებმაც რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირეს.
მისივე თქმით, ამ დეპუტატებმა "საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უერთგულეს".
"მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევას და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საბოლოოდ მიღებას. ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული და მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული იმოქმედა სწორედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად და შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად...
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ამით უერთგულა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს", - თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.