კარგი ხელისუფლება ის არის, რომელიც თავის საზოგადოებას უსმენს - თამარ ხულორდავა
"დამღუპველი ხელისუფლებისთვის", - ასე აფასებს ყოფილი დეპუტატი თამარ ხულორდავა "ოცნების" მიერ რუსული კანონის საბოლოოდ მიღებას. მისი თქმით, კარგი ხელისუფლება ის არის, რომელიც საკუთარ ხალხს უსმენს და არა ის, რომელიც განსხვავებული აზრის ჩახშობას ცდილობს. ხულორდავა პირდაპირ ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" საკუთარი ხალხის ხმა აღარ ესმის.
საერთოდ, ეს პოზიცია, რომ იქ დგას უმცირესობა და ჩვენ ვართ უმრავლესობა, არის დამღუპველი, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის. კი, ბატონო, შეიძლება ეს ხელისუფლება უმრავლესობით მოვიდა, მაგრამ კარგი ხელისუფლება ის არის, რომელიც თავის საზოგადოებას უსმენს, საზოგადოების პროტესტს უსმენს, მათ შორის, არცევნების შორის პერიოდში. მე მინდა ყველას ვუთხრა, ეს არ არის რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების აქცია, ეს არ არის არც მარტო გულანთებული ახალგაზრების პროტესტი, ეს არის ქართული საზოგადოების პროტესტი, იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვწონს კანონი, რომელიც კლავს დემკრატიას და რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ამ ქვეყანაში ისმოდეს მარტო ერთი აზრი და ერთი პოზიცია. ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყნის მშენებლობა, სადაც ისმის სხვადასხვა აზრი. ეს არის ის, რასაც ეს ხალხი აქ აპროტესტებს, - ამბობს ხულორდავა.