პრემიერ-მინისტრი ვენეციის კომისიას ისევ თავს ესხმის

28.05.24 20:57
პრემიერ-მინისტრი ვენეციის კომისიას ისევ თავს ესხმის

პრემიერ-მინისტრი ვენეციის კომისიას ისევ თავს ესხმის - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მათი ინტერესი არ არის, რომ კომისიის რეკომენდაციები მოისმინონ. 

მისი თქმით, კომისიის დასკვნა "შემაშფოთებელი" იყო. კობახიძემ რამდენიმე დღის წინ ნათქვამი ფრაზა ისევ გაიმეორა და აღნიშნა, რომ "ვენეციის კომისიამ პროფესიულ ღირსებაზე თქვა უარი". 

პრემიერი ამტკიცებს, რომ მრავალი წელია საქართველოს ხელისუფლებას ვენეციის კომისიაში საკუთარი ინიციატივით კანონპროექტი არ გაუგზავნია, რადგან ხელისუფლებაში ბევრად უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტები არიან.

„ჩვენი ინიციატივით ვენეციის კომისიაში უკვე მრავალი წელია არ გაგვიგზავნია კანონპროექტი. ახლაც მოთხოვნა იყო და მაგიტომ გავაგზავნეთ. შესაბამისად ჩვენ ინტერესი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი წარმოდგენა ვენეციის კომისიის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ბოლო წლების განმავლობაში ვენეციის კომისიაში საკუთარი ინიციატივით კანონპროექტი არ გაგვიგზავნია. მომავალშიც არ ვაპირებთ, თუ იქნება მოთხოვნა, შეიძლება ანგარიში გავუწიოთ, როგორც წინა წლებში, თუმცა ჩვენი ინიციატივით ინტერესი არ გვაქვს. საქართველოს ხელისუფლებაში არიან იურისტები, სამართლის დოქტორები, პროფესორები, რომლებსაც აქვთ ბევრად უფრო მაღალი კვალიფიკაცია, ვიდრე ვენეციის კომისიაში წარმოდგენილ ექსპერტებს. აქედან გამომდინარე სამართლებრივი ექსპერტიზის ინტერესი არ არსებობს. მითუმეტეს, რომ კონკრეტული ექსპერტების კვალიფიკაციაც კი, რომლებიც ჩართული არიან დასკვნების მომზადებაში, არის საკმაოდ საეჭვო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები