გვინდა ევროპული მომავალი თუ რუსული მონობა - პრეზიდენტმა რეფერენდუმი დააანონსა
"ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან და მოვაწერ ხელს რეფერენდუმს, გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მონობა", - ამ განცხადებით მიმართა პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელმოწერების შეგროვება უნდა დაიწყონ მოქალაქეებმა და ის მზად არის, ხელი მოაწეროს დოკუმენტს.
სალომე ზურაბიშვილი რუსული კანონის მხარდამჭერებს ორჯონიკიძეებად მოიხსენიებს.
84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს ვერ შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს. ეს მომავალი ჩვენია.
ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს. ჩვენ ახლა უნდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე.
გაბრაზებულები ხართ დღეს და გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე. საქმე არის, რომ უნდა მოვამზადოთ პირველ რიგში ნამდვილი რეფერენდუმი. ეს ენერგია, რაც დღეს თქვენშია, უნდა იმას მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან და მოვაწერ ხელს რეფერენდუმს – გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მონობა.
84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს, ჩვენ გადავწყვეტთ ყველანი ერთად. 84 კაცი არავინაა იმასთან შედარებით, თუ დღეს ვინც ხართ აქ – ახალი საქართველო, მომავლის საქართველო.
მეორე მთავარი საქმე – თქვენ, ვინც აქ ხართ ახალგაზრდები, თქვენი მთავარი მოვალეობა იქნება, რომ დაიცვათ არჩევნები ყველგან, სადაც საჭირო იქნება. თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა და ჩვენი დიასპორის ნახევარი მილიონი ხმა არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს.
მე ამ დროს იმას მივხედავ, რომ ჩვენი პარტნიორები და ჩვენი მეგობრები – ზოგმა ვერ გაიგო, ვინაა ჩვენი მეგობარი და ვინაა საუკუნოვანი მტერი – ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდით იქნებიან. შეიძლება, ვიღაცები, ის ორჯონიკიძეები დაასანქცირონ, მაგრამ არ ასანქცირებენ ქვეყანას, ქვეყანამ დღს გამოაჩინა, ვინ არის, რა არის, სად არის.
26 ოქტომბერი ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ. მე ვარ თქვენ გვერდით. მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე,“ - ამბობს პრეზიდენტი.