"ოცნება" ივანიშვილის მილიონების დასაცავად პრეზიდენტი ვეტოს დასაძლევად ემზადება
"ოცნება" ივანიშვილის მილიონების დასაცავად პრეზიდენტი ვეტოს დასაძლევად ემზადება - პარლამენტი, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს.
უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს, რასაც მხარი უკვე დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა.
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დაუბრუნა.
მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს. ამასთან, სრულად იზიარებს „საგადასახადო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
პრეზიდენტის შეფასებით, ოფშორებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია. პრეზიდენტი "მიუღებელს" და "დაუშვებელს" უწოდებს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების ფაქტს.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მიღებული კანონით არათანაბარი და დისკრიმინაციული გარემო იქმნება როგორც უცხოურ ინვესტორებთან მიმართებით, ასევე ადგილობრივი ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რადგან მათ მიმართ ახალი საშეღავათო რეჟიმი არ გავრცელდება.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.