კალაძე ისევ ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მიღება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო
"ოცნების" გენერალური მდივანი ისევ რუსული კანონის მიღების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ უცხოური გავლენების შემცირება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
დედაქალაქის მერი ირწმუნება, რომ "ქართულ ოცნებას", რომლის მიზანიც ქვეყნის კეთილდღეობაა, მხარს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს და მნიშვნელოვანია, მათი იმედები გაამართლონ.
ამასთან, კალაძე ისევ ოპოზიციას ესხმის თავს და ამტკიცებს, რომ ენმ-ს ძალაუფლების ხელში ჩაგდება და "გარედან დამკვეთების დავალებების" შესრულება უნდა.
ის, რაც ნებადართულია საფრანგეთისთვის, სადაც სულ ახლახან მიიღეს ანალოგიური კანონი, აკრძალული აღმოჩნდა ჩვენთვის. მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამას ემატება მთავარ ოპოზიციურ ძალად შერაცხული პარტია, პოლიტიკოსები რომელთა გაუაზრებელი და დამღუპველი პოლიტიკის შედეგად დავკარგეთ ტერიტორიები, მივიღეთ ადამიანების უფლებების არნახული ხელყოფა, დარეკეტებული ბიზნესი და დახურული მედიასაშუალებები, თუმცა, მაშინ ის ადამიანები, ვინც აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, ამ ყველაფერს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდა. ეს არის სამწუხარო რეალობა. მათი ამოცანა დღესაც ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარედან დამკვეთების დავალებების შესრულებაა. ამ გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უცხოური გავლენების შემცირება, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა და გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება. არ გვაქვს უფლება, არგუმენტს: „იმიტომ“ გადავაყოლოთ ქვეყნის ბედი. საქართველოს ინტერესების დაცვა, მისი ევროპული მომავლის დაცვა, დამოუკიდებლობის განმტკიცება და ქვეყნის გამთლიანებისკენ სწრაფვა არის ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს“,- აღნიშნა კალაძემ.