ზურაბიშვილს რაციონალური და გონივრული ინიციატივა არასდროს წარუდგენია - პაპუაშვილი რეფერენდუმზე
"არასერიოზულია", - ასე აფასებს შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ინიციატივას რეფერენდუმთან დაკავშირებით ხელმოწერები შეგროვდეს. პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილს ხალხისთვის რაციონალური განცხადება არასდროდ გაუკეთებია. ამასთან, პაპუაშვილი აცხადებს, რომ პრაქტიკულად, მთლიანი ოპოზიცია უცხო ქვეყნის პოლიტიკოსები არიან.
სალომე ზურაბიშვილისგან ხალხისთვის რაიმე რაციონალური, დაფიქრებული განცხადება და ინიციატივა მოგისმენიათ? პირველი ხომ არაა? უკვე მერამდენე ტალღაა ხელმოწერების შეგროვების. დაღალეს ეს ხალხი და დაღალეს კალმები ხელმოწერების შეგროვებით. არასერიოზულია, 26 ოქტომბერს არის არჩევნები. თუ ვინმეს, რაიმეს იმედი აქვს, გამოვიდეს 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მიიღებს პასუხს ამ ყველაფრისთვის, რაც ამ 2-3 თვის განმავლობაში ქართველმა ხალხმა ნახა. ლამის მთლიანი ოპოზიცია, რომელიც ქართველი პოლიტიკოსები უნდა ყოფილიყვნენ, აღმოჩნდნენ ჩვეულებრივად უცხო ქვეყნის პოლიტიკოსები, რომელიც საქართველოში კბილებით იცავდნენ უცხო ქვეყნების ინტერესს.
მე პირადად რაიმე რაციონალურს, გონივრულს და ხალხის ინტერესებთან დაკავშირებულ ინიციატივებს აღარ ველი. ესეც არის კიდევ ერთი სპეკულაცია, რომელიც, როგორც ჩანს, სპონტანური წარმოშობილი აზრია და ფიქრისთვის ზედმეტი დრო დახარჯული არაა,- განაცხადა პაპუაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა. შესაბამისი განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტო დაძლია. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, რეფერენდუმი იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას - ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა.