ბრძოლა გადავიდა ფინალურ სტადიაში, უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის - გიორგი ქადაგიძე
გადამწყვეტი დღეების ათვლა დაწყებულია. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები არჩევნებისთვის მზადებას აანონსებენ. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში სამართლიანი არჩევნების ჩატარება რთულია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ევროპული მომავლის გულშემატკივარი მოქალაქეები არჩევნების პროცესს ყველა საარჩევნო უბანზე დააკვირდნენ. ამასთან, ქადაგიძე უწყვეტი აქციების მნიშვნელობაზეც საუბრობს.
ბრძოლა გადავიდა ფინალურ სტადიაში. ათვლა არის 149 დღიანი უკვე. ამ 149 დღის განმავლობაში ჩვენ უნდა მოვემზადოთ, თითოეული ჩვენთაგანი, იმიტომ, რომ კარგად უნდა გავიაზროთ, ოლიგარქი არ ჩაატარებს ნორმალურთან მიახლოებულ არჩევნებსაც კი. ამიტომ, ჩვენ ეს წინააღმდეგობა, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, უნდა გადავიტანოთ ქუჩებში, ქალაქებში, დაბებში, ყველგან, სადაც ხელი მიგვიწვდება. ეს არჩევნები უნდა იყოს განსხვავებული, ყველა უბანზე უნდა ვიდგეთ ჩვენ. ჩვენ ვართ რაოდენობა, ჩვენ ვართ ბევრნი, ამიტომ ყველა უბანზე უნდა იდგნენ ამომრჩევლები, უნდა იდგნენ ის ადამიანები, ვისაც ევროპული მომავალი უნდა, რომ არ მივცეთ საშუალება ამ ადამიანების დააშინონ ამომრჩეველი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, პერმანენტული აქციები აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს სექტემბრიდან იმისთვის, რომ ადმინისტრაციული რესურსის ყურადღება გადატანილი იყოს ქუჩაზე და არა რეპრესიული მანქანის ამოქმედებაზე. ჩვენ უნდა ვაქციოთ ყველა მათი უპირატესობა მათ ნაკლად. ეს არის ჩვენი ამოცანა, - ამბობს ქადაგიძე.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.