ივანიშვილმა საკუთარი ფულის სანქციებისგან განრიდება გადაწყვიტა - რომან გოცირიძე "ოფშორების" კანონზე
ივანიშვილმა საკუთარი ფულის სანქციებისგან განრიდება გადაწყვიტა, - ამის შესახებ რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი განიხილება. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ასევე თქვა, რომ ოლიგარქი ყველაფერში შეთქმულებას ხედავს, მათ შორის, საუბარია შვეიცარიის ბანკთან დაკავშირებულ საქმეზეც.
იცის რა ბიძინა ივანიშვილმა, რომ სანქციები უახლოვდება, საკუთარი ფულის სანქციებისგან განრიდება გადაწყვიტა - დასავლეთიდან და ოფშორებიდან ფულის გამოტანაზე ბიძინა ივანიშვილი ზრუნავს! ფულს იმის გამო ვერ იღებდა, რომ შვეიცარიული ბანკი გაკოტრდა და გაკოტრებული ბანკი შვეიცარიის მეორე დიდმა ბანკმა მიიერთა. ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბანკის მიერ ფულის არდაბრუნება ივანიშვილმა მის წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულების მოწყობად გაასაღა, რომელსაც თურმე მთელი მსოფლიო აორგანიზებს, მასონების მეთაურებით. აქედან არის დაწყებული ეს აბსურდული კონცეფცია, რომ საქართველოს გლობალური ომის პარტია ებრძვის, სურთ, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას - ეს და სხვა სისულელეები თავის სამოქმედო პროგრამად გადააქცია, - განაცხადა გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
რომან გოცირიძემ პირდაპირ თქვა, რომ იმ ფონზე, როცა ხელისუფლება "გამჭვირვალობის" მოტივით რუსულ კანონს იღებს, ფონდი "ქართუ" ყველაზე გაუმჭვირვალე ფონდია.
არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობაზე კანონს იღებთ და მთავარი არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართუ“ საიდან იღებს ფულს, რა ფინანსურ დახმარებებს ეწევა, რა გადარიცხვები ხდება, რა მიაქვს და მოაქვს ოფშორში, არავინ იცის - ეს არის ყველაზე გაუმჭვირვალე მილიარდების მქონე ფონდი, - მიმართა “ქართულ ოცნებას“ რომან გოცირიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დაუბრუნა.მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს.