"გასაგებია, რომ წინასაარჩევნო რიტუალური ცეკვა გაქვთ... წესით, ბოღმისგან უნდა გასკდეთ" - პაპუაშვილი აქუბარდიას
პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას, სადაც „ოფშორების კანონზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება, აქუბარდიამ მთავრობა რუსულად მოიხსენია და თქვა, რომ "ოცნება" ქვეყანაში მხოლოდ ერთი კაცის, ივანიშვილის საქმეს აკეთებს. ოპოზიციონერი დეპუტატის ამ გამოსვლას პარლამენტის თავმჯდომარის გაღიზიანება მოჰყვა, რომელმაც აქუბარდიას სიტყვა გააწყვეტინა.
ქალბატონო თეონა, თქვენ საქართველოს პარლამენტში იმყოფებით. დუმაში, როცა იქნებით, იქ ისაუბრეთ, - უთხრა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ თეონა აქუბარდიას ზრდილობა დაუწუნა და ბოღმიანი უწოდა.
ამდენი საზიზღრობის ერთად თქმა, როგორ შეგიძლიათ მიკვირს, წესით უნდა გასკდეთ ამ დროს ბოღმისგან. ეს ბოღმა დაგახრჩობთ. სირცხვილი, ამ დონემდე რომ ხართ დაშვებული. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო რიტუალური ცეკვა გაქვთ, რომ ვინმეს თავი მოაწონოთ, რომ სიაში ჩაგსვათ, მაგრამ ამის გამო, ასეთი მდაბიო გამოსვლები, ასეთი მდაბიო საქციელი, რასაც თქვენ კადრულობთ, არ ვიცი, უბრალოდ, საარჩევნო სიის გამო ასეთ მდაბიოობაზე არ უნდა წახვიდეთ. უცხოეთთან თანამშრომლობას რაც შეეხება, თქვენკენ მოიკითხეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.