ისრაელის ელჩი ირანში კობახიძის და დარჩიაშვილის ჩასვლაზე: ეს გასაკვირი იყო

29.05.24 19:13
ისრაელის ელჩი ირანში კობახიძის და დარჩიაშვილის ჩასვლაზე: ეს გასაკვირი იყო

ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ირაკლი კობახიძის და ილია დარჩიაშვილის ჩასვლა გასაკვირი იყო - ამის შესახებ ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი „ინტერპრესნიუსთან“  ინტერვიუში ამბობს. 

ჰადას მეიცადის თქმით, ებრაჰიმ რაისი და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, როგორც ჰამასის მფარველები და დამფინანსებლები, პირადად იყვნენ პასუხისმგებელი 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ სასტიკ თავდასხმაზე.

„ებრაჰიმ რაისი და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი (ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი) იყო ორი ადამიანი, რომლებსაც ბევრი სისხლი აქვთ ხელებზე: ისრაელელების, ებრაელების, დასავლელების, ახლო აღმოსავლელების. ეს ორი პიროვნება, პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყვნენ ისინი, ვინც აყალიბებდნენ, იმუშავებდნენ პოლიტიკას და აარსებდნენ, ქმნიდნენ, აფინანსებდნენ, აღჭურავდნენ, წვრთნიდნენ სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციებს მთელ ახლო აღმოსავლეთში. როგორც „ჰამასის“ მფარველებს, მათ ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ გენოციდის აქტებზე, რადგან მათ აღჭურვეს „ჰამასი“ იარაღით და ასწავლის მათი გამოყენება. რაისის მეტსახელი თეირანში მისი ე.წ. ხალხის მიერ არის „ყასაბი თეირანიდან”. ეს ის კაცია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება გამოგვრჩეს ირანის წარსული მცდელობები, განეხორციელებინა ტერაქტები საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ვნახეთ ეს დაკრძალვა, ვნახეთ ვინ დაესწრო მას, ვნახეთ „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ლიდერები. გამიკვირდა, რომ ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს გასაკვირი იყო“, – აცხადებს ელჩი.

მსგავსი სიახლეები