ერთ დღეში გაცამტვერებული 30 წლიანი ურთიერთობა - დასავლეთის რეაქცია რუსულ კანონზე
ერთ დღეში გაცამტვერებული 30 წლიანი ურთიერთობა. მას შემდეგ რაც "ქართულმა ოცნებამ" ამერიკა მტრად გამოაცხადა, ვაშინგტონი საპასუხო ქმედებებზე გადადის. სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთობების გადახედვამ შეცვალა - რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეგობართან ერთად ქვეყანამ ის ათეულობით მილიონის დახმარებაც დაკარგა, რასაც შტატები საქართველოს ყოველწლიურად უწევდა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის - წინ კონგრესში დაინიცირებული სანქციების პაკეტის განხილვაა.
მოქმედებაზე გადადის ევროკავშირიც. ევროგაერთიანების პირველი პირების მკაცრი განცხადებები იმის ნიშანია, რომ ბრიუსელს პასუხიც უმკაცრესი იქნება. მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე არ იქნება, სასწორზე დევს კანდიდატის სტატუსიც და ის დახმარებაც, რომელსაც ქვეყანა ამ სტატუსით იღებდა. რუსული კანონის მიღებით ოცნებამ არჩევანი დეკლარირებულად რუსეთის მხარეს გააკეთა. ეს კი დასავლეთიდან იზოლაციის ტოლფასია.