ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ივანიშვილის დავალებით შეაჩერეს, მიზანი დასავლური, ამერიკული ინვესტიციების განდევნა იყო - ჯაფარიძე
დღეს საქართველოს მთავრობამ დაადასტურა ის, რაც უკვე ნათელი იყო, როცა ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეაჩერეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ამ შეჩერების მიზანი იყო დასავლური, ამერიკული ინვესტიციების განდევნა ჩვენი ქვეყნიდან - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე წერს.
მისი თქმით, მაშ შემდეგ, რაც რუსეთში ღრმაწყლოვანი პორტები ვეღარ ფუნქციონიერებენ, იმის გამო, რომ ისინი სამართლიან, საპასუხო თავდასხმას იღებენ უკრაინის მხრიდან, როგორც ჩანს, ამ ფონზე რუსეთმა გადაწყვიტა ნებართვა მიეცა "ქართული ოცნებისთვის," რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა დაწყებულიყო, ოღონდ, მათთვის სასურველი ინვესტორის მიერ.
ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ის, რაც გააჩერა და მოკლა საქართველოს მმართველმა ძალამ, ის გულისხმობდა ბიუჯეტიდან მინიმალურ ჩართულობას იმასთან შედარებით, რა ვალდებულებასაც დღეს იღებს საქართველოს მთავრობა,როცა ამბობს, რომ პორტის 51% დააფინანსებს საქართველოს ბიუჯეტიდან.
კვლავ სახეზეა მავნებლობა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ მიყენებული დარტყმა და კვლავ სახეზეა რუსეთის ხელისუფლებისთვის მისაღები და მათი კარნახით მიღებული გადაწყვეტილება"- წერს პოლიტიკოსი.
ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი იქნება.