სახალხო დამცველი კელი დეგნანს შეხვდა

19.07.21 15:21
სახალხო დამცველი კელი დეგნანს შეხვდა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, შეხვდა.

დღევანდელი ვიზიტი ელჩის მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პატივისცემის დადასტურება და გამოხატულება იყო. ჩვენ დღეს ყურადღება გავამახვილეთ უზენაეს სასამართლოში განხორციელებულ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე და იმ პრობლემებზე, რასაც ამ პროცესში ვხედავთ. ასევე, ვისაუბრე 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, ხაზი გავუსვი სახელმწიფოს და სამართლადამცავი ორგანოების პასუხისმგებლობას და აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა და ინდიკატორისა, სამართლადამცავ ორგანოებს დღემდე არავინ არ მიუცია პასუხიგებაში ამ ძალადობრივი ქმედებისთვის“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ს ელჩმა თქვა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი დემოკრატიული პროცესების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. 

ძალიან კარგი შესაძლებლობა მქონდა განმეხილა სახალხო დამცველთან და მის გუნდთან ბოლო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. სახალხო დამცველის ინსტიტუტი თამაშობს უაღრესად მნიშვნელოვან როლს ნებისმიერ დემოკრატიაში, განსაკუთებით აქ საქართველოში, მაშინ როდესაც ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან და რთულ საკითხებს უმკლავდება. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს სახალხო დამცველის აპარტთთან მუშაობას თანამშრომლობის გასაღრმავებლად და სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი როლის მხარდასაჭერად, რომელსაც ის ასრულებს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები