კიევს იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლებას გერმანიაც აძლევს - როგორია ოფიციალური ბერლინის პოზიცია

31.05.24 15:31
კიევს იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლებას გერმანიაც აძლევს - როგორია ოფიციალური ბერლინის პოზიცია

კიევს გერმანული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლებას გერმანაიც აძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას "შპიგელი" ავრცელებს.

ოფიციალური ბერლინის განცხადებით, უკრაინას შეუძლია გამოიყენოს გერმანული იარაღი ხარკოვის სასაზღვრო რეგიონის დასაცავად.

როგორც გერმანიის მთავრობის სპიკერი ამბობს, მათ მოკავშირეებთან ერთად განიხილეს რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმა ხარკოვის რეგიონზე.

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი თავდასხმებისგან, რაც საერთაშორისო კანონმდებლობითაა გარანტირებული. ამისთვის მას შეუძლია, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, გამოიყენოს ამ მიზნით მიწოდებული იარაღი" - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს, მან ნატოს არაფორმალურ მინისტერიალზე ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა:

„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ თავდაცვის უფლება წარმოადგენს ჩვენი [უკრაინისადმი] მხარდაჭერის ხაზს. და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ არ დავუშვათ ამ ომში ნატოს ჩათრევა. ეს არის ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიცავთ ჩვენ და იცავენ სხვებიც“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

ცნობისთვის, მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შლცმა განაცხადა, რომ უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება დაარტყას რუსეთის შიგნით არსებულ სამხედრო ობიექტებს, საიდანაც რაკეტებს უკრაინის მიმართულებით უშვებენ, მაგრამ არა სხვა სამიზნეებს. 

"უკრაინას აქვს ყველა შესაძლებლობა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გააკეთოს ის, რასაც აკეთებს," - თქვა შოლცმა.

 

მსგავსი სიახლეები