კალაძე ამტკიცებს, რომ წერეთლის გამზირის სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს
თბილისის მერი ამტკიცებს, რომ წერეთლის გამზირის სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს.
კახა კალაძე ირწმუნება, რომ წერეთლის გამზირის სანიაღვრე სისტემა სპეციალური მოწყობილობით შემოწმდა და არსად პრობლემა არ არსებობს.
„გუშინ სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა კადრები წერეთლის გამზირთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა სპეკულაციები და სიცრუის კამპანია, თითქოს წერეთლის გამზირზე არ მუშაობს სანიაღვრე სისტემა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა წერეთლის გამზირზე და იმ კონკრეტულ ქუჩაზე, სადაც იყო შეტბორვა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. სეტყვის შედეგად ჩამოყრილი იყო ტოტები, ფოთლები, წყალს გვერდით ქუჩებიდან ჩამოტანილი ჰქონდა სხვადასხვა ნივთი, მაგალითად, იყო ავტომობილის ბამპერი, რომლითაც ფაქტობრივად ჩაკეტილი იყო წყლის მიმღები სისტემა, გადავსებული იყო სანიაღვრე ცხაურები.
სპეციალური მოწყობილობით - რობოტით, რომელიც შევიძინეთ და რომელიც ათვალიერებს სანიაღვრე სისტემებს, დათვალიერებულ იქნა წერეთლის გამზირი და არსად არანაირი პრობლემა არ არსებობს, სანიაღვრე სისტემა ნალექს უპრობლემოდ ატარებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.