მიწვეული იყვნენ თუ არა ღარიბაშვილი და ელჩები პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე - კობახიძე-გომელაურის კომენტარი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამტკიცებენ, რომ "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიწვეული იყო, თუმცა მან დასწრება ვერ მოახერხა.
კობახიძემ და გომელაურმა ასევე ელჩებზეც გააკეთეს კომენტარი და თქვეს რომ ღონისძიებაზე მოწვეულთა სიაში ისინიც იყვნენ.
„ამ ღონისძიებაზე ირაკლი ღარიბაშვილიც იყო მოწვეული, თუმცა მან ვერ მოახერხა დასწრება. რაც შეეხება ელჩებს, ყველა ელჩი იყო მოწვეული, არ ვიცი ვინ ესწრებოდა და ვინ არ ესწრებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ უპატივცემულობას ქართული პოლიციის მიმართ არავინ გამოხატავდა“, - აღნიშნა კობახიძემ.
„ირაკლი ღარიბაშვილი მოწვეული იყო. ელჩები ყველა მოწვეული იყო. დარეკეს პროტოკოლში და ზოგს არ ეცალა, ზოგი ვერ იყო კარგად, ზოგი გაციებული იყო, როგორც თქვეს და მოადგილეები მოვიდნენ, მათი წარმომადგენლები ბრძანდებოდნენ როგორც ვიცი“, - განაცხადა გომელაურმა.