ეს (რუსული) კანონი არის საქართველოს სუვერენიტეტის კონსტიტუცია - პრემიერი
კობახიძემ რუსული კანონი კონსტიტუციას შეადარა - პრემიერი ამტკიცებს, რომ ივანიშვილის გუნდის ინიციატივა, მხოლოდ და მხოლოდ, ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებას ემსახურება.
"ვიღაცებს არ სურთ, რომ საქართველო უფრო ძლიერი, სუვერენული იხილონ" - ამბობს კობახიძე და იქვე დასძენს, რომ კანონი, რომელიც საზოგადოებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა საშიშ პრეცედენტად შეაფასეს, სახელმწიფოს ინტერესებში შედის.
პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრის დროს იმასაც აცხადებს, რომ ოლიგარქის პარტია, მიუხედავად სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებებისა, საკუთარ პოზიციას ბოლომდე დაიცავს.
კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მზაობა, დავსხდეთ, საჯარო დისკუსიის ფორმატში, ნებისმიერ სუბიექტს მოვუწოდებ. იქნებიან ეს დიპლომატები, უცხოელი პოლიტიკოსები, ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსები, ახალგაზრდები თუ ნებისმიერი სხვა. ყველას მოვუწოდებ, ერთად დავსხდეთ, გავმართოთ საჯარო დისკუსია, საზოგადოების თვალწინ, პირდაპირ ეთერში. ეს არის ჩემი მოწოდება. სამწუხაროდ, ყველა გაურბის საჯარო დისკუსიას, რატომ? - იმიტომ, რომ ალტერნატივა გამჭვირვალობას არ აქვს. შეუძლებელია გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გვქონდეს რაიმე ნეგატიური ობიექტური შეფასება. ამიტომ გაურბიან ისინი საჯარო დისკუსიას ამ თემასთან დაკავშირებით. ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი კანონი, ეს არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რაც, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ჩვენი სუვერენიტეტის შემდგომ განმტკიცებაში. აქედან გამომდინარე, მე ამ კანონს ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას. ეს კანონი არის საქართველოს სუვერენიტეტის კონსტიტუცია. ამიტომ არ მოსწონთ ვიღაცებს, ვიღაცებს არ სურთ, რომ იხილონ საქართველო უფრო მეტად ძლიერი, სუვერენული, თუმცა ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესი. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ იმ კანონს, რასაც ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას". - ამბობს კობახიძე.