ვარკეთილში, 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - რა თქვა კალანდარიშვილმა სასამართლოზე
ვარკეთილში, 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული იური კალანდარიშვილი დღეს სასამართლოზე ამტკიცებდა, თავს იცავდა მეზობლებისგან, რომლებიც მისი თქმით, სახლში მიუვარდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მძიმე ანგარიშსწორების კვალი იური კლდიაშვილს სასამართლოზეც ეტყობოდა, სადაც ის კლინიკიდან გადმოიყვანეს.
"არავისთვის არაფრის დაშავება არ მინდოდა. ბევრჯერ დამარტყეს. უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ვგრძნობდი, რომ გონებას ვკარგავდი და გავიქეცი იქით ოთახში. მომსდევდნენ... იარაღით შევაშინებ მეთქი, როგორც კი ამოვიღე მომკიდეს ხელი და წართმევა უნდოდათ ამ იარაღის" -ამბობს ბრალდებული.
დაცვის მხარე დღეს სხდომაზე კალანდარიშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, რადგან ადვოკატის თქმით, ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და თავს იცავდა.
გარდაცვლილები იმყოფებიან არა შესასვლელში, არამედ შესასვლელის შემდეგ არსებულ ოთახში, სადაც გაიქცა ბრალდებული, სადაც დაეწივნენ და სადაც გააგრძელეს მისი ცემა. არაერთი დაზიანება აქვს მიღებული სახეზე და თავზე და სხეულის სხვადასხვა ადგილებში და შესაბამისად, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად მეტყველებს იმაზე, რომ ბრალდებული იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში", - ამბობს ადვოკატი.
კალანდარიშვილს მეზობლად მცხოვრები 39 წლის ბაჩო ბაშარულისა და მისი მეგობრის, 40 წლის ნიკა არჩვაძის მკვლელობას ედავებიან.
მკვლელობა 5 ივნისს მოხდა. გამოძიების ცნობით, იური კალანდარიშვილმა ურთიერთშელაპარაკების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ორ პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.