როგორ მოხვდა ხილით მოვაჭრის სახლში ხელყუმბარები და ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკიანი დროშები? - რას ყვება დაკავებულის ოჯახის წევრი
ანტიტერორისტულიი ოპერაციის შედეგად დაკავებული მამაკაცები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. საქმეს გრიფი ადევს, ამიტომ სასამართლო პროცესის დეტალები უცნობია. ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულებმა დუმილის უფლება გამოიყენეს.
როგორ მოხვდა ბათუმის ბაზარში ხილით მოვაჭრის სახლში პისტოლეტები, ხელყუმბარები და ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკიანი დროშები - დაკავებული მამაკაცის წულუკიძის ოჯახის წევრი ამტკიცებს, რომ ბრალდებული უდანაშაულოა და ტერორისტულ ორგანიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ტყუილად ედავებიან ტერორიზმთან კავშირს. არაფერი არ არის, ტყუილია ყველაფერი, მაგი არის ცრურწმენები. სახლში ჩემთან არანაირი დროშები არ ყოფილა. 9-10-ზე მუშაობს, მოდის საღამოს სახლში, ლოცულობს, წვება, დილით ისევ მიდის სამსახურში. ჩემს სახლში არაფერი არ იყო. არაფერი არ ვიცი, ჩემი მაზლი და მაზლიშვილი ესწრებოდა (ჩხრეკას), არაფერი არ ამოუღია,“ - ამბობს წულუკიძის ოჯახის წევრი.
ადვოკატის თქმით, მას ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკიანი დროშები არ უნახავს.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ისარგებლა დუმილის უფლებით. მე არ მქონია შეხება და თვალითაც არ მინახავს დროშები. ეს საქმე ისეთი რეზონანსულია, დიდი მოლოდინი არ მქონდა, რომ სხვა აღკვეთის ღონისძიების სახეს გამოიყენებდა მოსამართლე,“ - ამბობს ადვოკატი.
რაც შეეხება პროკურორს, ის ამბობს, რომ საქმეში სხვა მტკიცებულებებიც არსებობს, მათ შორის აუდიოც.
მოცემულ საქმეზე გარდა იმ მტკიცებულებებისა, რომლებიც ბრალად დაედო ბრალდებულებს, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები, ასევე ვადასტურებ, რომ ამის გარდა არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, მათ შორის აუდიო მტკიცებულება. გამოძიება ამ კუთხითაც მიმდინარეობს, რომ დავადგინოთ, საიდან, როგორ, რა ვითარებაში მოხდა შეძენა და ასევე ის მიზანი, თუ რა მიზნით ჰქონდათ შეძენილი,“ - ამბობს პროკურორი.