ჩვენ ვხედავთ მთლიანად მართულ ტერორის კამპანიას, რომელშიც ჩართული არიან როგორც პარტიული, ასევე ენჯეო აქტივისტები - პაპუაშვილი
"ჩვენ ვხედავთ მთლიანად მართულ ტერორის კამპანიას, რომელშიც ჩართული არიან როგორც პარტიული, ასევე ენჯეო აქტივისტები" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
უმრავლესობის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ორგანიზაცია "სირცხვილიას" წევრები პარლამენტარებს ურეკავდნენ და მათ მიმართ მუქარას ახორციელებდნენ.
"მედია "ჯემნიუსის" ჟურნალისტი 84 ტყვიით გვემუქრებოდა" - ამბობს რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი და იქვე დასძენს, რომ მათი დამფინანსებელი ევროკავშირია.
ოლიგარქის გუნდის წევრი მწუხარებას გამოთქვამს, რომ "ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით ევროკავშირს ზედაპირული მიდგომა გააჩნია".
ყველას შევახსენებ, რომ მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს და მათ მიმართ მუქარას ახორციელებდნენ, მედია „ჯემნიუსის“ ჟურნალისტი 84 ტყვიით გვემუქრებოდა პარლამენტის წევრებს, კეფაში და ერთსაც და მეორესაც აფინანსებს ევროკავშირი. დღემდე არ გამიჯვნია არავინ ევროკავშირიდან ამ ტერორის კამპანიას. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასე ზედაპირული მიდგომა აქვთ ევროკავშირის იმ ფულის მიმართ, რომელიც საქართველოში იხარჯება და ვხედავთ, რომ რიგ შემთხვევაში ხმარდება რადიკალიზმს, ასეთ ჯგუფებს, რომლებიც მუქარას და ძალადობას იყენებენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.