ექსკლუზივი: იდენტიფიცირებულია ყველა პოლიციელი, რომელიც ბიზნესმენის სასტიკ ცემასა და იარაღის ჩადებაშია მხილებული

08.06.24 21:43
ექსკლუზივი: იდენტიფიცირებულია ყველა პოლიციელი, რომელიც ბიზნესმენის სასტიკ ცემასა და იარაღის ჩადებაშია მხილებული

სამოქალაქო აქტივისტის ხმაურიანი საქმის სკანდალური გაგრძელება - „შაბათის ეთერმა" შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტიდან იმ სამართალდამცავების და ბრძანების გამცემების ვინაობა დაადგინა, ვინც რუსული კანონის მოწინააღმდეგე ბიზნესმენი ჯერ დააკავა, ცემა აწამა და იარაღი ჩაუდო. 

იდენტიფიცირებულია მინიმუმ 15 პოლიციელი, ვინც  საქმის გაყალბებაშია მხილებული, თუმცა ვახტანგ გომელაურს მათთვის უფლებამოსილებაც კი არ შეუჩერებია. 

"შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, შიდა ქართლის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი ზურაბ დოიჯაშვილი იმ სამართალდამცველებს  შორისაა, ვინც  4 ივნისს, საღამოს, სამოქალაქო  აქტივისტ სოსო ბაბაევს ჩაუსაფრდნენ, დააკავეს, სასტიკად სცემეს, გააშიშვლეს შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღები, მათ შორის ავტომატი ჩაუდეს.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე ბიზნესმენის ციხეში 9 წლით გაშვება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა სადამსჯელო სპეცოპერაცია ჩავარდა. მტკიცებულებების არ არსებობის  და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების გამო, მოსამართლემ ბაბაევი ციხიდან იქამდე გამოუშვა ვიდრე, პროკურატურა ბრალდებას წარუდგენდა.

ბიზნესმენი იხსენებს, რომ 15 მდე პოლიციელი 2 საათის  განმავლობაში ძირს დაგდებულ და ხელებშეკრულს წიხლებით სცემდა და აგინებდა. შეახსენეს ყველა სიტყვა, რაც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე უთქვამს და ყველა წინადადება  რომელიც სოციალ ქსელში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ოდესმე დაუწერია.

მისივე თქმით, წამებას და არაადამიანურ  მოპყრობას რომ შემთხვევითი თვითმხილველები არ ჰყოლოდა, ბაბევის დაკავების დროს პოლიციამ მაგისტრალიც გადაკეტა.

ბიზნესმენის თქმით, ჯგუფურ ცემას სამართალდამცველები რამდენიმე  მობილურით იღებდნენ. დაკავებულის ფოტოებს კი მისი ინფორმაციით, გორის პოლიციის ერთ- ერთ მაღალჩინოსანს არჩილ ბარამიშვილს იგივე „ტლაპოს“ უგზავნიდნენ.

 2 საათნი წამების შემდეგ ბაბაევის თქმით,  იარაღი დემონსტრაციულად ჩაუდეს. 

არის კიდევ ერთი დეტალი, ირკვევა, რომ აქტივისტს, რომელიც დაკავებას მისი სამოქალაქო პოზიციის გამო ყოველ წუთს და ყოველ დღე ელოდებოდა, ავტომობილი 12- მდე კამერით ჰქონდა აღჭურვილი. ეს კამერები კი და მისი გადადგილების ტრაექტორიის გარდა, გარდა იღებდა და იწერდა ხმასაც. ანუ ის, რაც ბაბევის წამების და იარაღის ჩადების დროს არ გადაიღეს  პოლიციელებმა, გადაიღო ავტომობილის კამერებმა.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე ბიზნესმენი მისი წამების საქმეზე ხელს კიდევ ერთ პოლიციელს, როინ ნავდარაშვილს ადებს. "შაბათის ეთერს" დაემალა ალექსი ტეტუნაშვილი -იოსებ ბაბევის საქმის გამომძიებელი.

ჟურნალისტებს ემალებიან, თუცმა გამოძიებას ჩვენება უკვე მისცეს  ამ საქმის გამყალბებელმა კიდევ სამმა პოლიციელმა -სოსო დათაშვილი, მიხეილ პაპელიშვილი და დაჩი მშვიდობაძე სამივე რუსული სპეცოპერაციის ფიგურანტები არიან. 

ბაბაევის საქმე - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები