ექსკლუზივი: ღარიბაშვილმა შვილი ამერიკიდან თბილისში დააბრუნა - სანქციების შიში?

08.06.24 21:08
ექსკლუზივი: ღარიბაშვილმა შვილი ამერიკიდან თბილისში დააბრუნა - სანქციების შიში?

ნოდარ მელაძის შაბათის ექსკლუზივი: "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა შვილი ამერიკიდან საქართველოში დააბრუნა. "ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ნიკოლოზ ღარიბაშვილი თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გადაიღეს. 

ექს პრემიერის ვაჟი "შაბათის ეთერის" ობიექტივში ორჯერ, 4 და 5 ივნისს მოხვდა. 

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკიდან  სანქციების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე  ჩამოფრინდა. "შაბათის ეთერის" მიერ გადაღებულ  ვიდეომასალაშიც ჩანს, რომ სავარაუდოდ ვარჯიშიდან მომავალ ნიკოლოზს სახლში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი აცილებს. ამ დროს სახლშია ნუნუკა თამაზაშვილიც. 

ნიკოლოზ ღარიბაშვილმა შეერთებულ შტატებში ერთი სასწავლო წელი უკვე დახურა.  ის პენსილვანიის უნივერსიტეტის ვარტონის ბინზეს სკოლის სტუდენტია. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ცნობილი სასწავლებელია. აქ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის შვილმა 2027 წლამდე უნდა ისწავლოს.  ასე წერია ნიკოლოზ ღარიბაშვილის გვერდზე, ლინკდინში, თუმცა ფეისბუქზე, ნიკო ღარიბაშვილმა მიუთითა, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტში ის არა სწავლობს არამედ სწავლობდა. 

ნიკოლოზმა "შაბათის ეთერთან" საუბარი არ ისურვა, მაგრამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ ეს ჩამოსვლა არ უნდა განვიხილოთ ვადაზე ადრე ჩამოსვლად. როგორც დაცვა ამბობს, ნიკოლოზ ღარიბაშვილს ზაფხულის გატარება ისედაც თბილისში ჰქონდა დაგეგმილი. 

ირაკლი ღარიბაშვილის დაცვის სამსახურის უფროსი ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატებიდან ნიკო ღარიბაშვილი მარტო ჩამოვიდა სამგზავრო თვითმფრინავით და ამჯერად მის წამოსაყვანად კერძო ბორტი არ გაუგზავნიათ. 


შაბათის ეთერის ინფორმაციით, თბილისში დაბრუნების შემდეგ, პრემიერის ვაჟს ჰქონდა კომუნიკაცია მის ქართველ პედაგოგებთან. სკოლა ჯეჯილის დამფუძნებელი ბესო კევლიშვილი, რომელიც ნიკო ღარიბაშვილს ამერიკული უნივერსიტეტისთვის ამზადებდა, ამტკიცებს, რომ უნივერსიტეტის შეცვლის შესახებ მის მოსწავლესთან საუბარი არ ჰქონია. 

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, მან "შაბათის ეთერის" კითხვებს არ უპასუხა. 

ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების პაკეტი ამოქმედდა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულები არიან პარტია ქართული ოცების წევრები. პარლამენტის წევრები, პოლიციის მაღალჩინოსნები და სხვა ინდივიდები. ოფიციალური განცხადებაში პრეზიდენტ ბადენის გუნდმა მიანიშნა, რომ რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების გარდა სანქციები გავრცელდა ოცნების იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც პარლამენტში არ არიან.


ამერიკული სანქციების ფასი - ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები