საქსტატი: 2024 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 64.4%-ით შემცირდა

10.06.24 12:06
საქსტატი: 2024 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 64.4%-ით შემცირდა

საქსტატის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიმდინარე წლის I კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4%-ით ნაკლებია.

მათივე ცნობით, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.

2024 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 75.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.7 პროცენტია. რეინვესტიციამ 92.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი  წილი 45.9 პროცენტით განისაზღვრა. 

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი 42 მილიონი დოლარის ინვესტიცია თურქეთიდან ჩაიდო, თუმცა წინა წელთან შედარებით თურქეთიდან ინვესტიციების კლება შეიმჩნევა, რადგან 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 72 მილიონი დოლარის FDI შემოვიდა.

ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილს 41 მილიონიანი ინვესტიციებით ჩეხეთი იკავებს, სადაც წლიურად $49 მილიონიანი ზრდაა.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 10 უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანას შორის ორი ოფშორული ზონაა, ესენია მარშალის კუნძულები და მალტა.

2024 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

  1. თურქეთი - 42.4 (მლნ. აშშ დოლარი)
  2. ჩეხეთი - 41.5
  3. აშშ - 33.7
  4. ნიდერლანდები - 32.3
  5. მარშალის კ-ები - 22.3
  6. იაპონია - 19.3
  7. ჩინეთი - 13.9
  8. აზერბაიჯანი - 12.7
  9. მალტა - 11.7
  10. დანია - 10.2

მსგავსი სიახლეები