"მანქანა, ვენახი, ყანა - აღარაფერი არ არსებობს" - რა ხდება იმერეთში სტიქიის შემდეგ
იმერეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიდის. გუშინ მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვის გამო განსაკუთრებით მძიმეა ვითარებაა ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.
მოსახლეობა პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი. სახლები ან დატბორილია ან სახურავი აღარ აქვს. ელექტროენერგის გარეშე დარჩენილ სოფლებში დენის მიწოდება ეტაპობრივად ხდება.
მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია. რამდენიმეწუთიანი სეტყვის გამო, ფაქტობრივად, სრულად არის განადგურებული მოსავალი, სახნავ-სათესი მიწები და ხეხილის ბაღები.
სრულიად განადგურებულია სეტყვისგან ყველაფერი, 22 წუთის განმავლობაში იყო სეტყვა, რის შედეგადაც განადგურებულია ყველაფერი - საწოლი, კარადა, ტექნიკა. სახლში ვიყავი 2 ბავშვთან ერთად, ერთი ფეხით გამოვასწარი და ჩამოვიდა ჭერი დაბლა. მანქანა, ვენახი, ყანა - აღარაფერი არ არსებობს," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
დაანგრია სახლები, ახადა ჭერი, გაგვიფუჭა მანქანეი, სასწაული ვენახები გვქონდა, წელს გვქოინდა იმედი. ჩემს მეუღლეს სიმსივნე ჰქონდა, დავამარცხეთ სიმსივნე და ვენახზე ვიყავით შეჩერებული, სამი წელი ეს აღარ ივარგებს," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.