ჩინელი ინვესტორები ოკუპირებულ ცხინვალში ჩინეთის სახელმწიფოს ნებართვით ჩავიდნენ - თინა ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ჩინეთში კერძო ბიზნესი არ არსებობს და ყველა კომპანია მეტნაკლებად სახელმწიფოზეა დამოკიდებული. საუბარია ჩინელ ინვესტორების დროებით ოკუპირებულ ცხინვალში ვიზიტზე.
ხიდაშელის თქმით, რამდენიც არ უნდა ამტკიცოს "ოცნებამ", რომ ინვესტორები, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ, კერძო კომპანიის წარმომადგენლები არიან, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
არ არსებობს ჩინეთში კერძო ბიზნესი იმ გაგებით, როგორც ეს არის დასავლურ სამყაროში. ყველა ჩინური კომპანია ეს არის რაღაც ფორმით, ზოგი მთლიანად, ზოგი 85%-ით და ყველაზე უარეს შემთხვევებში 65 და 60%-ით დამოკიდებული სახელმწიფოზე. როდესაც რუსეთის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის ბიზნესმენები ჩადიან აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში, ეს ნიშნავს, რომ ისინი იქ ჩადიან სახელმწიფოს და მმართველი პარტიის ნებართვით და მათი მხარდაჭერით. ამიტომ, რაც არ უნდა ილაპარაკოს „ქართულმა ოცნებამ“ და როგორი კვანწებიც არ უნდა გამოსდოს ჰაერში, ამ ფაქტებს ვერსად წაუვლენ, - ამბობს თინა ხიდაშელი.
ვიდრე საქართველოს მთავრობა ჩინეთს სტრატეგიულ პარტნიორად აცხადებს და მადლობებს უხდიან, ჩინელი ბიზნესმენები, ფაქტობრივად, ოკუპაციის შესახებ კანონს არღვევენ და საქართველოს მიტაცებულ მიწებზე მანქანათმშენებელი ქარხნის აშენების გეგმებს ალაგებენ.
უკვე მეორე დღეა, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ამბობს, რა რეაგირებას მოახდენენ ოკუპირებულ ცხინვალში ჩინელი ინვესტორების ვიზიტზე.