"იგივე ივანიშვილმა მოახერხა, რომ ეს გაეჩერებინა" - ხიდაშელი ამერიკელი სამხედროების უარზე
"იგივე ივანიშვილმა მოახერხა, რომ ეს გაეჩერებინა, რომლის იდეა და ინიციატივა იყო იმ თავდაცვის მინისტრის დანიშვნა, რომელმაც ეს სამხედროები თბილისში ჩამოიყვანა თავის დროზე," - ამ განცხადებას თინა ხიდაშელი აკეთებს.
ხიდაშელი ამბობს, რომ ამერიკელი სამხედროები სწორედ 2015 წლის შემდეგ იღებენ მონაწილეობას 26 მაისის ღონისძიებაზე.
ხიდაშელის თქმით, როცა ისმენენ პარტნიორები როგორც ბიძინა ივანიშვილის, ისე "ოცნების" დეპუტატების განცხადებებს, საქართველოს ხელისუფლებას მათგან მხარდაჭერის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.
ნატოს წევრების ნახევარი იყო წარმოდგენილი 2015 წლის და შემდეგ უფრო მეტი, 2016 წლის 26 მაისის ღონისძიებაზე. წელს, როდესაც არცერთი ქვეყნის სამხედრო აღარ იდგა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, ჩემთვის პირადად ეს იყო ძალიან მძიმე სიგნალი და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, საქართველომ თქვა უარი, თუ ამერიკელებმა, იმიტომ, რომ მანამდე 29 აპრილს, ივანიშვილმა თქვა ამაზე არაპირდაპირ უარი. იგივე ივანიშვილმა მოახერხა, რომ ეს გაეჩერებინა, რომლის იდეა და ინიციატივა იყო იმ თავდაცვის მინისტრის დანიშვნა, რომელმაც ეს სამხედროები თბილისში ჩამოიყვანა თავის დროზე.
როდესაც სახელმწიფო ფაქტობრივად, მოწინააღმდეგედ გამოაცხადე და იმის შემდეგ, რაც დღეს მოვისმინეთ პარლამენტის წევრებისგან, აგდებული, მასხარა დამოკიდებულება აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ, მერე აღარ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ ეს სახელმწიფო დამატებით შენთვის რაიმე სპეციფიურ ღონისძიებებს მიმართავს შენს მხარდასაჭერად,“ - ამბობს თინა ხიდაშელი.
საელჩოს ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროების 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა ივანიშვილის განცხადების გამო გაუქმდა. საელჩო აცხადებს, რომ აშშ-ის მონაწილეობა 26 მაისს მთავრობის ღონისძიებაში გაუქმდა მმართველი პარტიის მიერ ამერიკის შესახებ იმ ცრუ ნარატივების გავრცელების ფონზე, რომელიც 29 აპრილს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა.