კობახიძე: ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიაშია - ირაკლი კობახიძემ, რომელმაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა გადაწყვიტა, დღეს რიტორიკა შეცვალა.
"ჩვენი ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად" - ამბობს მთავრობის მეთაური.
ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას ყველა პლატფორმაზე.
"ქართული ოცნების" ლიდერმა თქვა ისიც, რომ ქართულ მხარეს უკრაინასთან მეგობრობა სურს, თუმცა იქვე ახსენებს, რომ "ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები"
ჩვენ ვმონაწილეობთ უკრაინის აღდგენის კონფერენციაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველა პლატფორმაზე, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მსჯელობა იმ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ აღდგეს უკრაინა, როგორც კი დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში.
ქართველი ხალხი გამორჩევა განსაკუთრებული სოლიდარობით უკრაინელი ხალხის მიმართ, ჩვენ გვაკავშირებს განსაკუთრებული ისტორიული ურთიერთდამოკიდებულება ხალხებს შორის, აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.