"Massive Attack-ი "სირცხვილიას" ბულინგის ქვეშ აღმოჩნდა" - ქადაგიშვილი
"ქართულ ოცნებას" ისრები სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადააქვს - რუსული კანონის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ბრიტანულმა მუსიკალურმა ჯგუფმა, რომელმაც საქართველოში დაგეგმილი კონცერტი ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებების გამო გააუქმა, ბულინგის მსხვერპლია.
"Massive Attack"-ის დატერორებაში კი ივანიშვილის პარტია კვლავ ოპოზიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს ადანაშაულებს.
მათ იმ ქვეყნის მოქალაქეობაზეც უარი უნდა თქვან, რომელი ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, ან რომელ ევროპულ ქვეყნებშიც ატარებენ კონცერტებს. მიტინგებს იქაც შლიან. ბევრად უფრო ბრუტალური ფორმებით ხდება იქ მიტინგების დაშლა. ძაღლების მისევით, ცხენების გადავლით. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები, ეს კოლექტივი აღმოჩნდა "სირცხვილიას" ბულინგის ქვეშ. ეს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ ერთადერთი რამით არის დაკავებული, სადაც შეიძლება, როდესაც შეიძლება, დღისით და ღამით როგორ ავნონ საქართველოს ნებისმიერ ველზე", - ამბობს ქადაგიშვილი.
"Massive Attack"-ის პასუხი "ქართული ოცნების" ძალადობაზე - ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი წერს, რომ 28 ივლისს, "Black Sea Arena"-ზე ჩანიშნულ კონცერტს საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების შელახვისა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმის გამო აუქმებს.
"Massive Attack" სოციალურ ქსელ "X"-ზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევის ფოტო-კადრს ავრცელებს და წერს, რომ ამ მომენტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არენაზე გამოსვლა შესაძლოა, მშვიდობიანი პროტესტისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივად ჩახშობის მოწონებად ჩაითვალოს.
ცნობისთვის, იქამდე სანამ ბრიტანული მუსიკალური ჯგუფის კონცერტი გაუქმდებოდა, ქართველმა ხალხმა MASSIVE ATTACK-ს ოფიციალური განცხადებით მიმართა. საზოგადოება ბენდს მოუწოდებდა, საქართველოში არსებულ საგანგებო პოლიტიკურ ვითარებას გაცნობოდნენ და შესაბამისი ქმედითი ნაბიჯი გადაედგათ.
ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანების მიმართვას მუსიკალურმა ჯგუფმა განცხადებით უპასუხა. MASSIVE ATTACK-მა სოციალურ ქსელ "X"-ზე დაწერა, რომ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს სრულ მხარდაჭერას უცხადებდა.