ძალადობრივი ქორწინება "ოცნებას" და კალაძეს შორის - ჭიჭინაძე ოპოზიციას საერთო კანდიდატზე შეთანხმებას სთავაზობს
,,ტრიბუნას" ლიდერი ,,ქართული ოცნების" გუშინდელ ღონისძიებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ფინანსურად ძლიერი და ავტორიტეტის მქონე კახი კალაძის იგნორირება ივანიშვილისთვის მარცხის მომტანი იქნებოდა. დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ თბილისის მოქმედ მერს ადგილობრივ არჩევნებზე დიდი შანსი აქვს, ამიტომაც ოპოზიციას მის საპირწონედ საერთო კანდიდატზე შეჯერებას სთავაზობს.
ეს იყო ძალადობრივი ქორწინება „ქართულ ოცნებას“ და კალაძეს შორის.
იმიტომ, რომ ფულიანი და ავტორიტეტიანი კალაძის გვერდით დატოვება ბიძინა ივანიშვილისთვის უკვე ნამდვილად მძიმე გადასატანი იქნებოდა. მითუმეტეს, რომ წინა არჩევნების პირველი ნომერი და „საამაყო“ გახარია უკვე ოპოზიციაში ჰყავთ.
ასე რომ, თუ ოპოზიციისთვის უმთავრესი მიზანი 43 %-ის დაძლევაა და არა მერობის მოგება, თუ მთავარ გამარჯვებად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაითვლება, მაშინ თბილისში საერთო ოპოზიციური კანდიდატი უნდა იყოს.
ეს მათ გასაგონად, ვინ ჯერ კიდევ ცდილობს ხელისუფლებასთან ურთიერთობების დალაგებას...
თან, ამ საარჩევნო კამპანიაში კალაძეს ნამდვილად ვერავინ აჯობებს ვერც ფინანსური რესურსით, ვერც ბაღების მოწყობაში და ორ-ორჯერ გზების დაგებაში და ვერც ავტობუსიების წინ და უკან სიარულში - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
გუშინ მთაწმინდის პარკში თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძის წარდგინების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ,,ქართული ოცნების" ელიტა და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.