"რა სანქციები?!" - მედვედევი დასავლეთს აკრიტიკებს და "ქართულ ოცნებას" იცავს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ამტკიცებს, რომ დასავლეთი რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს. ამის შესახებ რუსმა მაღალჩინოსანმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ისაუბრა.
მედვედევი, ფაქტობრივად, "ქართული ოცნების" რიტორიკას იმეორებს და ირწმუნება, რომ დასავლეთს საქართველოსა და უკრაინაში რევოლუციის მოწყობა სურს.
უნდა ვაღიაროთ: ნეოკოლონიალიზმი დიდი ხანია მიუახლოვდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით იყო რუსეთის მეზობლებზე კონტროლის მოპოვება. მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში „ფერადი რევოლუციების“ წაქეზება, როდესაც თბილისსა და კიევში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტის მ.სააკაშვილისა და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკის ქმრის ვ.იუშჩენკოს მარიონეტული რეჟიმები მოიყვანეს ხელისუფლებაში, - თქვა მედვედევმა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასევე, აშშ-ს საქართველოს მთავრობისთვის დაწესებული სანქციების გამო აკრიტიკებს და "ქართულ ოცნებას" იცავს.
"ჰკითხონ ნეობანდერელებს, მოახერხეს თუ არა ევროკავშირის წევრობის მოპოვება. არა, და ისინი ამას მალე ვერ მიიღებენ, დაელოდებიან საერთოდ? შეხედონ საქართველოს, სადაც ახლახან დამტკიცდა კანონი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირს არ მოეწონათ და რა? და აი, რა - სანქციები! ევროპარლამენტის მიერ 2024 წლის მარტში მიღებული რეზოლუცია ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაძლიერების შესახებ, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი ქაღალდია ვალდებულებების გარეშე", - წერს მედვედევი.