"დასავლელ პოლიტიკოსებს საფრთხეების მასშტაბი არ ესმით" - პუტინი ისევ იმუქრება
რუსეთის პრეზიდენტი დასავლელ პოლიტიკოსებს ავანტიურაში ადანაშაულებს. ვლადიმერ პუტინის თქმით, დასავლეთს, რომელიც რუსეთის დამარცხებაზე საუბრობს, საფრთხეების მასშტაბი არ ესმის. ამის შესახებ მან რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ისაუბრა.
დასავლეთის პოლიტიკოსების მოწოდებები, რომ რუსეთი, რომელსაც ბირთვული იარაღის უდიდესი არსენალი აქვს, უნდა დამარცხდეს, მათი მხრიდან ავანტიურიზმის დემონსტრირებაა. მათ ან არ ესმით იმ საფრთხის მასშტაბი, რომელსაც თავად ქმნიან, ან უბრალოდ შეპყრობილნი არიან საკუთარი დაუსჯელობისა და საკუთარი ექსკლუზიურობის რწმენით. ორივე შეიძლება ტრაგედიად იქცეს, - თქვა პუტინმა.
პუტინი ევროპას ურჩევს, რუსეთთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა შეინარჩუნოს, რათა მსოფლიო განვითარების ერთ-ერთ დამოუკიდებელ ცენტრად დარჩეს.
თუ ევროპას სურს, დარჩეს მსოფლიო განვითარების ერთ-ერთ დამოუკიდებელ ცენტრად და პლანეტის კულტურულ და ცივილიზაციურ პოლუსად, მას სჭირდება რუსეთთან კარგი, კეთილგანწყობილი ურთიერთობა. და ჩვენ მზად ვართ ამისთვის, - თქვა პუტინმა.