ვინ შეუქმნის "ოცნებას" კოალიციას? - რას ამბობენ ოპოზიციონერი ლიდერები?
თუ "ქართულ ოცნებას" კოალიციის შექმნა დასჭირდება, მასთან თანამშრომლობას ოპოზიციიდან არავინ არ აპირებს. მეტიც, ოპოზიცია ივანიშვილთან არა თუ მუშაობას, არამედ მთავრობის ჩამოყალიბებას მის გარეშე ხედავს.
პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ამბიცია და მიზანი, რომ მომავალი კოალიცია პროდასავლურმა ძალებმა ჩამოაყალიბონ, სადაც ივანიშვილის პარტია ვერ მოხვდება.
პოსტსაარჩევნო პერიოდზე პოლიტიკოსებმა ონლაინ რეჟიმში გამართულ დებატებში იმსჯელეს.
გარდა ამისა, ოპოზიციონერმა ლიდერებმა თქვეს, რომ საჭიროა დისკუსია პრეზიდენტის მიერ წადგენილი და მათ მიერ ხელმოწერილი "ქართული ქარტიის" შესახებ.
ქართულ ოცნებასთან ანუ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება, ნებისმიერი სახის თანამშრომლობა არის მიუღებელი. ასევე, მიუღებელი იქნება ნებისმიერ ძალასთან თანამშრომლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ მისი პარტია ფასეულობებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას განიხილავს.
ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც იქნება ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გარანტი. თანამშრომლობა ასევე არის ფასეულობებზე დაფუძნებული, ჩვენ ასე წარმოგვიდგენია და არა პოლიტიკური ვაჭრობა,“ - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.
"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია საჯაროობის მომხრეა და თანამშრომლობის საკუთარ ხედვაზე საუბრობს:
ჩვენ ამ მიმართულებით ოპოზიციასთანაც გვაქვს გამოცდილება, თუნდაც ეს წარსული გითხარით, გამოცდილება გვაქვს ასევე ქართულ ოცნებასთან. ჩვენი პირობა ნებისმიერი თანამშრომლობის არის პირველი, საჯაროობა. არასდროს არ ვიტყუებით და შესაბამისად, არ გვინდა, რომ რამე შეთანხმების შედეგად ტყუილების ლაპარაკი მოგვიწიოს. ჩვენთან თანამშრომლობის პირობები არის ასეთი და ეს პირობები ასეთია ყველასთვის,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.
"ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ იქნება გაცილებით მნიშვნელოვანი ოპოზიციის როლი და უმთავრესი იქნება, რომ ისეთი პირები მოხვდნენ პარლამენტში, ვინც ივანიშვილის მცდელობას, რომ გადაიბიროს დეპუტატები, არ აჰყვება.
ივანიშვილი ხელისუფლებაში ვერ უნდა მოვიდეს. ერთიანი სიის ერთ-ერთი პრობლემა, ჩემი აზრით, არის ის, რომ ვის შემოიყვანს კონკრეტული სუბიექტი თამაშში, იმიტომ, რომ მე ნამდვილად არ მგონია, რომ არჩევნებით მთავრდება ყველაფერი, არ იქნება სხვაობა იმხელა, რომ ბიძინა ივანიშვილი დანებდეს და პარლამენტში არ დაიწყოს მუშაობა ხალხის გადმობირებაზე, პარლამენტის წევრების გადმობირებაზე, ამიტომ, მე მგონია, რომ იმასაც უნდა გავუწიოთ ანგარიში, რომ არ იქნეს შეყვანილი ისეთი ადამიანები, ვინც პირველივე სესიაზე აღმოჩნდება ივანიშვილის მხარეს,“ - ამბობს ნიკა გვარამია.
"ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ პოლიტიკურმა ცენტრებმა გარკვეულ მთავარ საკითხებზე შეთანხმება უნდა შეძლონ და კონსენსუსს მიაღწიონ.
განსხვავებულმა პოლიტიკურმა ცენტრებმა უნდა შეძლონ, ერთი, შეთანხმება, იმიტომ, რომ შეუძლებელი იქნება კონსენსუსის გარეშე რაიმე ტიპის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, იქნება ეს საკადრო თუ ზოგადი დიდი პოლიტიკური საკითხები, ამიტომ პასუხისმგებლობის აღება მოგვიწევს,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
პოლიტიკოსებმა რომ დადებული პირობები უნდა შესრულონ, ამაზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია:
მგონია, რომ ყველას, ვისაც უნდა, რომ ის სიტყვა, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა თქვეს, შესრულდეს, უნდა ხმა მისცეს იმას, სადაც ყველაზე მეტ გარანტიას ხედავს, რომ ამ სიტყვის დაცვა მოხდება. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს შევძლოთ, რთული კომპრომისების ხარჯზე კოალიციური მმართველობა იმ წონით, რასაც ამომრჩევლები მოგვანიჭებენ,“ - ამბობს გიგა ბოკერია.
საჯარო ონლაინ დებატზე, რომელიც ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ იყო ორგანიზებული, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა როგორც კოალიციურ მთავრობაზე, ასევე საარჩევნო კონფიგურაციებზე ისაუბრეს.
ერთიან სიასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების ლიდერებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ - ნაწილი ემხრობა ერთიანი სიით გასვლას არჩევნებზე, ნაწილი კი წინააღმდეგია, რადგან თვლიან, რომ ამომრჩევლის ხმა არ უნდა დაიკარგოს და მეტწილად ემხრობიან რამდენიმე პოლიტიკურ ცენტრად ფორმირებას.