"ირაკლი კობახიძესთან სცენის გაზიარება მიუღებელია" - სალიომ ბერლინში კონცერზე უარი თქვა

14.06.24 15:40
"ირაკლი კობახიძესთან სცენის გაზიარება მიუღებელია" - სალიომ ბერლინში კონცერზე უარი თქვა

მომღერალი სალომე კორკოტაშვილი უარს ამბობს გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, რომელიც ბერლინში, სასტუმრო "ადლონში" 21 ივნისს უნდა გაიმართოს. ეს ინფორმაცია მომღერალმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა.

მომღერალი განმარტავს, რომ ბენდთან ერთად ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას გეგმავდა პრემიერი ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" სხვა წევრები.

სალიოს და მისი ბენდის გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც უკანონოდ და უსამართლოდ აკავებენ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს და აშანტაჟებენ.

გუშინ რეპეტიცია გვქონდა და ძალიან შემთხვევით გავიგეთ, რომ ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების წევრები იღებენ მონაწილეობას და გავგიჟდით. ჩვენთვის მიუღებელია მათთან ერთად სცენის გაზიარება. რაც ხდება დღეს, როგორც იქცევიან, გამორიცხულია მათთან ერთად იგივე სცენაზე დგომა და გავაუქმეთ ეს კონცერტი. გულწრფელი პროტესტის გამო ხალხს იჭერენ, ურეკავენ, აშანტაჟებენ და ჩვენ აღარ მივდივართ - ბილეთებიც გვქონდა, ყველაფერი, მაგრამ მთელმა ბენდმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება" - თქვა მომღერალმა.

ბერლინში, 21 ივნისს, პრემიერი კობახიძე მიღებას მართავს, ინფორმაცია თავდაპირველად ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ გაავრცელა. ღონისძიებაზე მიწვეული არის საქართველოდან 3 000-მდე სტუმარი, თუმცა ბუღაძე ხაზს უსვამს იმას, რომ პრემიერი არ ეპატიჟება გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს.

მსგავსი სიახლეები