ინვესტორების უნდობლობა საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ მზარდია - აშშ-ის სახდეპი

22.07.21 09:20
ინვესტორების უნდობლობა საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ მზარდია - აშშ-ის სახდეპი

მზარდია ინვესტორების უნდობლობა საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ - წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა. 

ოფიციალურ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ "საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება:

ბევრი ინვესტორი თვლის, რომ საქართველოს სასამართლოს სისტემა არის ნელი, არაეფექტური, ნაკლებად გამჭირვალე, რომელსაც ასევე აკლია კომპეტენცია. ეს გარემოება გავლენას ახდენს ინვესტორების ნდობაზე" - აღნიშნულია ანგარიშში.

განცხადების თანახმად, მთლიანობაში საქართველოს ბიზნესგარემო და საინვესტიციო პირობები მყარია, თუმცა მზარდია უნდობლობა სასამართლო სისტემის მიმართ, რამდენად შეუძლია კომერციული საქმეების დამოუკიდებლად, დროულად და გონივრულად განხილვა:  

ზოგიერთი დავის საქმეები სასამართლოში წლების განმავლობაში იწელება. სხვა კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესზე მიუთითებენ, ასევე სირთულეებზე ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით; არაეფექტურ ანტიმონოპოლიურ პოლიტიკაზე; მიკერძოებულ სამართალზე; რეგულაციების და კანონების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის, სავაჭრო კანონების,  საკუთრების უფლებების და სხვა. საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ამ გამოწვევებზე მუშაობას და ხარვეზების მიუხედავად, საქართველო მოწინავე ადგილს იკავებს ბიზნესის კეთების მიმართულებით რეგიონში",  - წერია სახელმწიფოს დეპარტამენტის განცხადებაში.